„სააკაშვილი ყველაფერზეა წამსვლელი თუკი იგრძნობს, რომ მისი ძალაუფლება საფრთხის წინაშეა“, - ეს განცხადება "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ეკა ბერიძის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს სწორედ ამის შესახებ მიაწოდა მან ინფორმაცია.
ბურჯანაძის თქმით, კოალიციის ლიდერისთვის იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ ივანიშვილმა მას ეს ინფორმაცია, რამდენჯერმე გაამეორებინა. მისი თქმით, წინა საპარლამენტო არჩევნების დროს მას პარტიის შექმნა უნდოდა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ დროს პრეზიდენტის მხრიდან შანტაჟს ჰქონდა ადგილი.
„სააკაშვილმა დაინახა სერიოზული საფრთხე, ვინაიდან პოლიტიკურად ვითარება მაშინ გართულებული იყო, ოპოზიცია ძლიერი იყო. ჩემი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმას კი მოჰყვებოდა ოპოზიციის გაძლიერება და სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა. სააკაშვილმა პირდაპირ მითხრა, რომ ხელისუფლების და ძალაუფლების შესანარჩუნებლად აფხაზეთში საომარ ვითარებას დაიწყებდა. ამით ყველაფერია ნათქვამი. მთავარი ლეიტმოტივი რატომაც მოვუყევი ბატონ ბიძინას ეს ამბავი, გახლდათ ის, რომ მიმეხვედრებინა, სააკაშვილი ყველაფერზეა წამსვლელი თუკი იგრძნობს, რომ მისი ძალაუფლება საფრთხის წინაშეა. მისთვის არაფერს ნიშნავს არც აფხაზეთი, არც ცხინვალი და არც რომელიმე სხვა რეგიონი. ასე, რომ ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. ადრე თუ გვიან ყველა გაიგებს ვინ არის ნამდვილი მოღალატე, ვინ პატრიოტი და ვინ კიდევ საქართველოს მეხუთე კოლონა",- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.