ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კოალიცია "ქართული ოცნების" აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები კოალიციისთვის საარჩევნო ნომრად 7-ის მინიჭებას ითხოვენ.
სოზარ სუბარი აცხადებს, რომ კოალიციას სამართლებლივად და არსებული პრეცენდენტებითაც ეკუთვნის 7 ნომრის საარჩევნო ნომრად მინიჭება.
"პირადად ხრატიშვილის მიმართ მაქვს ერთი მოწოდება, სახარებაში არის ერთი იგავი კაცზე, რომელსაც არც ღმერთის ეშინოდა და არც ადამიანების, ასეთები არიან თარხნიშვილი, გოგორიშვილი და მაჭავარიანი. ვურჩევ ხარატიშვილს, მათ რიგში ნუ ჩადგება. ამის შანსი მას აქვს დღეს, დღეის შემდეგ არ ექნება ამის შანსი. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას სიმართლისთვის, რომელშიც 7 ნომრისთვის ბრძოლაც შედის", - აცხადებს სოზარ სუბარი.
აქციაში სუბარის გარდა მონაწილეობას მანანა კობახიძე,ზვიად ძიძიგური, თინა ხიდაშელი და სხვა ლიდერები ღებულობენ.
აქციის პარალელურად ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე შესვლას ცდილობდა კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი, თუმცა არ შეუშვეს.
ხიდაშელი აცხადებს, რომ კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება სამართლებრივად აქვს.