საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის ცხინვალის რეგიონში ვიზიტით შეშფოთებულია.
„საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა შეშფოთებით აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი სულ ახლახანს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონს ეწვია. ევროკავშირის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტები სახელმწიფოების სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს არ შეესაბამება. წარმომდგენლობა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში კიდევ ერთხელ გამოხატავს. წარმომადგენლობა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას რეგიონში და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ამ მიმართულებით ძალისხმევა გამოიჩინონ“, - ნათქვამია განცხადებაში.