სენატორი ლუგარი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით დღეს ეწვევა

სენატორი ლუგარი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით დღეს ეწვევა

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი საქართველოს სამუშაო ვიზიტით დღეს დღის მეორე ნახევარში ეწვევა. აშშ-ს საელჩოს ცნობით, ის საქართველოში ორ დღეს დარჩება.  ვიზიტის ფარგლებში, 12 აგვისტოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ საცნობარო ლაბორატორიას სენატორ ლუგარის სახელი მიენიჭება. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური საცნობარო ლაბორატორია შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებმა სენატორების ნანისა და ლუგარის „საფრთხის შემცირების პროგრამის” ფარგლებში შეიქმნა.
„თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიის მიზანია გააძლიეროს და განავითაროს საზოგადოებრივი და ცხოველთა ჯანდაცვა ინფექციურ დაავადებათა აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და კვლევის გზით და ამით სარგებელი მოუტანოს საქართველოს, კავკასიის მთელი რეგიონისა და მსოფლიო საზოგადოებას“ - აღნიშნავს საელჩო. 

ოფიციალურ ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სენატორი რიჩარდ ლუგარი და აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწე ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური პროგრამების განხრით ენდრიუ ვებერი დაესწრებიან. 
სენატორი ლუგარი და თავდაცვის მდივნის თანაშემწე ვებერი 12 აგვისტოს, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში.
შენობაში განთავსდება აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის, აგრეთვე უოლტერ რიდის სახელობის არმიის კვლევითი ინსტიტუტის ოფისები.
საელჩოს ცნობით, სენატორი ლუგარი და აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწე ენდრიუ ვებერი საქართველოდან 12 აგვისტოს გაემგზავრებიან.