კახა კოჟორაძე: კალაძის დაჯარიმება სრულიად უკანონოა და არცერთ სამართლებრივ სტანდარტში არ ჯდება

კახა კოჟორაძე: კალაძის დაჯარიმება სრულიად უკანონოა და არცერთ სამართლებრივ სტანდარტში არ ჯდება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ადვოკატის კახა კოჟორაძის შეფასებით, რომელიც პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის კახა კალაძის წინააღმდეგ, აუდიტის სამსახურის ოქმის განხილვას ესწრებოდა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, კალაძე  16 944 960 ლარით დაჯარიმდა, ყოველგვარ კანონის ჩარჩოებს გაცდენილია.

კოჟორაძის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულიად უკანონოა და არცერთ სამართლებრივ სტანდარტში არ ჯდება.

„საქმის მასალები საქმეში მართლაც, იყო,  ეს  რამოდენიმე ასეულ გვერდს მოიცავდა, მაგრამ ამ ასეული გვერდიდან,  არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებდა იმას, რომ კახა კალაძის მიერ ანგარიშიდან გატანილი თანხა,  პოლიტიკურ ან საარჩევნო მიზანს მოხმარებოდა. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია, როგორც აუდიტის სამსახურის  ასევე საქალაქო სასამართლოს მიერ, მიღებული გადაწყვეტილება.  ჩვენ,  როცა ვმსჯელობდით ამ საკითხზე ვამბობდით,  რომ მერე რა,  რომ აუდიტის სამსახურმა ასეთი შინაარსის წერილი მისწერა კახა კალაძეს და ბიძინა ივანიშვილს,  ამას  შესაბამისი სანქცია ხომ ვერ მოჰყვება, იმიტომ რომ შესაბამისი სამართლის ნორმა არ არსებობსთქო, მაგრამ როგორც ჩანს,  არც აუდიტის სამსახურისთვის და არც სასამართლოსთვის არა პრობლემა კანონის და  მტკიცებულების არ არსებობა“, - განაცხადა კოჟორაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, როგორც ქართული საზოგადოებისთვის ისე სასამართლოსთვის უბრალოდ შეურაცყოფაა.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი კახა კალაძე სამართალდამრღვევად იქნა მიჩნეული.

კალაძე საქალაქო სასამართლომ აუდიტის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე, კოალიციის ანგარიშზე უკანონო შემოწირულობის განხორციელების ბრალდების გამო, 16 944 960  ლარით დაჯარიმა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით,  კახა კალაძემ, საკუთარი ანგარიშიდან   3.388.992 ლარი. ნაღდი ფული გამოიტანა და სხვადასხვა ფიზიკური პირების სახელით კოალიციის ანგარიშზე გადარიცხა.

კალაძემ აღნიშნული ჯარიმა 7 დღეში უნდა გადაიხადოს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მას 48 საათის განმავლობაში, სააპელაციო სასამართლოში აქვს.