პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, „ეროვნული ფორუმის“ ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, შპს „ბურჯის“ ახალი მფლობელი გიორგი ყავლაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებულად მოქმედებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, სანიკიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განმარტა, რომ შპს „ბურჯი“ ყავლაშვილის ხელით მიხეილ სააკაშვილმა შეიძინა.
სანიკიძის განცხადებით, გიორგი ყავლაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული პირია, რომელიც 2007-2008 წლებში სწორედ მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს იცავდა.
„ეს კაცი კარგა ხანია სააკაშვილის სტაჟიანი აგენტია. ჩვენ მიერ მოპოვებული მასალებიდან ირკვევა, რომ სწორედ გიორგი ყავლაშვილი იცავდა მიხეილ სააკაშვილის ქონებრივ და არაქონებრივ ინტერესებს 2007-2008 წლებში. ეს დასტურდება ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით - 2007 წლის სანოტარო აქტებითა და 2008 წლის სასამართლო გადაწყვეტილებებით. არსებობს სრულიად დასაბუთებული ეჭვი, რომ შპს „ბურჯის“ ქონება გიორგი ყავლაშვილის ხელით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიძინა“, - განაცხადა სანიკიძემ.
სანიკიძის თქმითვე, სააკაშვილი კლასიკური მეკობრეა, ხოლო გიორგი ყავლაშვილი ყოველთვის ბნელ საქმეებში ფიგურირებს.
შეგახსენებთ, რომ საჯარო აუქციონზე შპს „ბურჯი“ შპს „გამამ“ შეიძინა, რომლის დირექტორიც გიორგი ყავლაშვილია.