არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ, რათა მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება და ქუთაისში პარლამენტის გადატანის შემდგომ, საკანონმდებლო ორგანოს საქმის წარმოების დეპარტამენტი თბილისში დარჩეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლის არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ამ ცვლილებით, რასაც სახელმწიფო ახორციელებს ათი ათასობით ადამიანი დასახმარებლად პარლამენტის კომიტეტებს უშუალოდ ვეღარ მიმართავს.
„ჩვენ, ახალგაზრდა ადვოკატები მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა ქუთაისში პარლამენტის გადატანის შემდგომ, თბილისში წარმომადგენლობითი ფუნქცია, საქმის წარმოების დეპარტამენტი დარჩეს, რომელიც გულისხმობს ყოველდღიურად უამრავი ადამიანის, საქმიანი სფეროს წარმომადგელის, არასამთავრობო სექტორის თუ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქის პირდაპირ უშუალო დამოკიდებულებას წარმომადგენლობით ორგანოსთან. მილიონობით მოსახლეს, დედაქალაქის წარმომადგენლებს აღარ ექნებათ საშუალება წერილით, პეტიციითა თუ მათთვის საინტერესო თემაზე უშუალოდ მიმართონ პარალმენტს“, - განაცხადა კაიკაციშვილმა.