პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნებაში“ უკანონო შემოწირულობის განხორციელებისთვის 16 პირი ხუთმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმდა, უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ფარსი და ნეობოლშევიკური სასამართლო იყო.
„ეს არის პოლიტიკური სასამართლო, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს. ყველა შემომწირველი ვინც კი, პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ რაიმე შესწირა და ადამიანებმა რომლებმაც არათუ შესწირა, თავიანთი საწევრო გადაიხადეს თანხის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმეს. ამის პარალელურად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ოცი ათასი, სამოცი ათასი ლარის შემომწირველები, რომლებსაც არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ. ისეთნი მაგალითად, გუშინ გამოვიდნენ ციხიდან და მეორე დღეს უჩნდებათ სურვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მაქსიმუმ 60 000 ლარი გადაურიცხონ. კონტროლის პალატა კი, ამ საქმეებით არ ინტერესდება“, - განაცხადა სუბარმა და დასძინა, რომ „ეს იმას ნიშნავს, საქართველოში პარტიული მოღვაწეობა იკრძალება, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ ხარ.
სუბარის თქმითვე, სატირალი და საფიქრებელია ის ვითარება, რაც დღეს სასამართლოშია.
„ეს სრული უკანონობა, სრული განუკითხაობაა“, - აღნიშნავს სუბარი.
ცნობისთის, თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების წინააღმდეგ განაჩენი გამოიტანა. საქმე ეხება მათ მიერ „ქართულ ოცნებისთვის“ გაღებულ შემოწირულობას, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თვალთმაქცურ გარიგებად შეაფასა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისინი „ქართულ ოცნებაში“ გადარიცხული თანხის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმდნენ. დაჯარიმებულები სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ და ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.