არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ტელემედიასივრცეში მიმდინარე მოვლენებზე კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში სატელევიზიო სექტორი პოლიტიკის მძლავრ გავლენას განიცდის.
არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია ცდილობს, გავლენის ქვეშ ჰყავდეს რამდენიმე სატელევიზიო სადგური და საკვანძო საშუამავლო კომპანიები, რომელთა მეშვეობითაც მაუწყებლები აუდიტორიას უკავშირდებიან.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ Must Carry/Must Offer -ის რეგულაციების წინასაარჩევნო პერიოდში დროებითი ამოქმედება მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგია, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეთა დიდ ნაწილს ჰქონდეს წვდომა იმ ტელესადგურებთან, რომლებსაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ.
მათი თქმით, სატელიტური პროვაიდერები უკვე სარგებლობენ Must Offer -ის რეგულაციით და ახლა აჩვენებენ არხებს, რომლებსაც ადრე ვერ აჩვენებდნენ, რადგან თავად სადგურები არ აძლევდნენ ამის უფლებას. ამ ახალი წესების ძალაში შესვლამდე, შეზღუდული ტექნიკური წვდომა აუდიტორიასთან იყო უდიდესი გამოწვევა იმ ტელეარხებისთვის, რომელთაც არ აქვთ ეროვნული სიხშირული ლიცენზიები.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი მათიას ჰუტერი აცხადებს, რომ პოლიტიკის განმსაზღვრელმა უწყებებმა საკუთარი დღის წესრიგში უმთავრეს პრიორიტეტად ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თემა უნდა დააყენონ, რადგან 2015 წელს პროცესი უნდა დასრულდეს და შესაბამისად, არც თუ ისე დიდი დრო რჩება.
„ბოლო თვეებში ტელევიზიის სექტორში სტრატეგიული პოზიციის მქონე რამდენიმე კომპანია, მათ შორის ისინიც, ვინც ტელეარხებსა და მათ აუდიტორიას შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებს, დიდ სირთულეებს გადააწყდა: ჟურნალისტური გამოძიების წამყვანი სტუდია „მონიტორის“ ოფისი გაძარცვეს, წაიღეს აპარატურა; ვიდეოაპარატურისა და მომსახურების კომპანია „ვიდეოსკოპი“, რომლის კლიენტთა შორის არის „TV9“ და „ქართული ოცნება“, საგადასახადო აუდიტის შედეგად დააჯარიმეს; „მაესტროს“ და მომსახურების პროვაიდერი კომპანია „Global TV”–ის ათიათასობით სატელიტური ანტენა დააყადაღეს, აბრალებდნენ რა ამომრჩეველთა მოსყიდვას; „Global TV”–მ და „TV9“–მ განაცხადეს, რომ მათ მიერ იმპორტირებული ტექნიკური აღჭურვილობა დაზიანებულ იქნა საბაჟოზე ყოფნისას; ტრანსლაციის ინფრასტრუქტურის და მომსახურების პროვაიდერ კომპანია „სტერეო+“–ს, რომლის კლიენტთა შორის არის „TV9”, სამაუწყებლო ლიცენზია შეუჩერეს. „9-ე არხის“ რეპორტიორების წინააღმდეგ დევნა-შევიწროვება განხორციელდა ანტიოპოზიციონერი აქტივისტების მიერ, მათ წინააღმდეგ აგრეთვე განხორციელდა შანტაჟის მცდელობა, ჟურნალისტებსი მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებული პირების მიერ.
მაუწყებლობის შესახებ კანონში შესულმა ცვლილებებმა, რომელიც ლიცენზიის მფლობელს ავალდებულებს გახსნას ბენეფიციარი მფლობელების ვინაობა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ტელევიზიათა მფლობელების ვინაობის გამჭვირვალობა. სატელევიზიო სადგურების ფინანსები ასევე უფრო გამჭვირვალე გახდა. 2012 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში „ტელეიმედის“ და „რუსთავი2“ -ის შემოსავლებმა იკლო 2011 წლის ამავე პერიოდთან შედარებით. უფრო მცირე სადგურებმა „მაესტრომ“, „კავკასიამ“ და „25 არხმა“ მიიღეს მნიშვნელოვნად მეტი შემოსავალი რეკლამებიდან, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, თუმცა ძირითადად პოლიტიკური რეკლამის ხარჯზე“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ტელემაუწყებლობის კვლევის ანალიზში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ანგარიშთან ერთად, რეკომენდაციებიც შეიმუშავა.
მათი მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, პროკურატურამ და სასამართლომ უნდა უზრუნველყონ, რომ მედიასაშუალებებთან დაკავშირებული გამოძიება სამართლიანად და გამჭვირვალედ წარიმართოს. ასევე, ჟურნალისტებსა და მედიის მუშაკებზე ნებისმიერი სახის თავდასხმა, საბოტაჟი ან მათი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, სასწრაფოდ უნდა იყოს გამოძიებული.
რეკომენდაციის მიხედვით, ტელეარხებმა და მათმა ხელმძღვანელობამ, პროდიუსერმა, რეპორტიორებმა და მედიის მუშაკებმა, მიზნად უნდა დაისახონ თავიანთი აუდიტორიისთვის წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე მოვლენების სამართლიანი, პროფესიონალური და მიუკერძოებელი გაშუქება.