ქართველმა მომღერლებმა ანრი ჯოხაძემ და ვერიკო ტურაშვილმა ძველი, ებრაული სიმღერის „Hava Nagila“–ს ახალი ვერსია ჩაწერეს და მასზე კლიპიც გადაიღეს. გადაღებები ისრაელში, ხმელთაშუა ზღვის პირას, იერუსალიმში, გოდების კედელთან და მაცხოვრის ტაძართან 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ებრაულ სადღესასწაულო სიმღერაზე გადაღებული კლიპის პრემიერა ისრაელსა და საქართველოში ერთდროულად, სექტემბერში, გაიმართება. კლიპი ქართულ-ებრაულმა ჯგუფმა ალგეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გადაიღო.
სიმღერა პირველად ისრაელში, ახალგახსნილ საკონცერტო დარბაზში შესრულდა და მოწონებაც დაიმსახურა.
როგორც შემსრულებლები აცხადებენ, ძველი „Hava Nagila“–ს ახალი ვერსია მრავალსაუკუნოვან ქართულ–ებრაულ მეგობრობას მიეძღვნა. არანჟირების ავტორი თავად ანრი ჯოხაძეა.