მუზეუმიდან აწყურის და ზარზმის ღვთისმშობლის ხატების გატანას ხელი არც ერთმა თანამშრომელმა არ მოაწერა

მუზეუმიდან აწყურის და ზარზმის ღვთისმშობლის ხატების გატანას ხელი არც ერთმა თანამშრომელმა არ მოაწერა

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ერთ-ერთი თანამშრომლის ნაირა ჯაფარიძის განცხადებით, მუზეუმიდან აწყურის და ზარზმის ღვთისმშობლის ხატების გატანას ხელი არც ერთმა თანამშრომელმა არ მოაწერა და პასუხისმგებლობა თავის თავზე მუზეუმის დეირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ აიღო.

მისი თქმით, ისინი ხატების გადაადგილების წინააღმდეგნი იმიტომ არიან, რომ  ხატებზე ჰაერის ოდნავი შეცვლაც კი მოქმედებს. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ  მუზეუმის შენობაში მყოფმა პოლიციის თანამშრომლებმა ხატების შეფუთვა დაიწყეს.

ჯაფარიძის თქმითვე,  მისთვის არ არის ცნობილი, ზუსტად როდის მოხდება ხატების გადატანა. ჟურნალისტებთან საუბარში თანამშრომლები ამბობენ, რომ მათზე ზეწოლა არ ყოფილა, თუმცა პირად საუბარში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ, ხატების გატანის თანხმობას ხელს არ მოაწერდნენ, თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, ხატები ტაძრიდან ახალციხეში  რაბათის ციხეში დროებით, სამი თვით გადააქვთ.