სააკაშვილი და შაშკინი 2008 წლის რუსული აგრესიის დროს, დაღუპული ჯარისკაცის გელა თიგიშვილის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრნენ

სააკაშვილი და შაშკინი 2008 წლის რუსული აგრესიის დროს, დაღუპული ჯარისკაცის გელა თიგიშვილის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრნენ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და   თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს კასპში, 2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცის გელა თიგიშვილის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრნენ.

სააკაშვილმა ჯარისკაცის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა და მათ თანადგომა აღუთქვა.

დაკრძალვის ცერემონიალის დროს,  საქართველოს შეიარაღებული ძალების საპატიო ყარაულმა 2008 წელს რუსული აგრესიის დროს დაღუპული სამხედროს ხსოვნას საგანგებო ზალპით მიაგო პატივი.

უფროსი სერჟანტი გელა თიგიშვილი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ  დაკარგულად ითვლებოდა და მისი იდენტიფიცირება დნმ-ის ანალიზის საფუძველზე მოხდა.

გელა თიგიშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2006 წლიდან მსახურობდა. დაჯილდოებულია მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.

თიგიშვილის დაკრძალვას ასევე დაესწრო მისივე თანამებრძოლის ზურაბ ტურაშვილის მამა გიორგი ტურაშვილი. სერჟანტი ტურაშვილი ასევე გმირულად დაიღუპა რუსეთ-საქართველოს ომში 2008 წელს. სერჟანტი ტურაშვილი კვირას 5 აგვისტოს ყვარელში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრნენ. სერჟანტი ზურაბ ტურაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მსახურობდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს.