პარტია „თავისუფალი საქართველო“ ხარაგაულის რაიონში მატარებლის დამატებითი რეისების დანიშვნას ითხოვს. ამ მოთხოვნით პარტიამ „საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის ფილიალის“ ხელმძღვანელს თეიმურაზ ბულიას უკვე მიმართა. მიმართვასთან ერთად, პარტიამ ხარაგაულის მოსახლეობის 2 ათასამდე ხელმოწერაც შეიტანა.
პარტიაში აცხადებენ, რომ გადაადგილება ნებისმიერი მიმართულებით არასაკმარისი რაოდენობის სარკინიგზო გრაფიკის გამო შეფერხებულია, მაგალითად: ნებისმიერი მიმართულებით მოძრაობს მხოლოდ დილის და საღამოს მატარებელი და პრაქტიკულად, დილით წასული ადამიანი, საღამომდე ვერ ახერხებს შინ დაბრუნებას.
დამატებით რეისთან ერთად, „თავისუფალი საქართველო“ თბილისი-ქუთაისის მატარებელზე საბარგო ვაგონის მიბმასაც ითხოვს, რომლითაც ხარაგაულის და არა მარტო ხარაგაულის მოსახლეობას თბილისამდე ბარგის ჩატანის საშუალება ექნება.