ალიანსმა „ეკონომიკური სამართლიანობისა და ბიზნესის თავისუფლებისთვის“ საარჩევნო პროგრამების მონიტორინგი დაიწყო. მონიტორინგი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამებით იწყება და როგორც ალიანსის წარმომადგენლები აცხადებენ, 2002–2012 წლების საარჩევნო დაპირებების აბსოლუტური უმრავლესობა შეუსრულებელია. მონიტორინგის შესახებ, დღეს for.ge - ს პრესკლუბში ალიანსის „ეკონომიკური სამართლიანობისა და ბიზნესის თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
როგორც ალიანსის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მონიტორინგის მიზანი საარჩევნო პროგრამების მნიშვნელობის გაზრდაა.
ალიანსის მიერ წარმოდგენილ ანალიზში და შეფასებებში წინასაარჩევნო დაპირებების და პროგრამების არამარტო ეკონომიკური ასპექტები, არამედ სოციალური, სამართლებრივი, ტერიტორიული მთლიანობის და სხვა საკითხები შესწავლილია.
„ხელშეკრულება თბილისთან“, „საქართველო სიღარიბის გარეშე“, „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“, „50 დღიანი პროგრამა“, „ხელშეკრულება საქართველოსთან“ და „მეტი სარგებელი ხალხს“, - ეს ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ის პროგრამებია, რომელიც ალიანსმა „ეკონომიკური სამართლიანობისა და ბიზნესის თავისუფლებისთვის“ შეისწავლა.
ალიანსში მიაჩნიათ, რომ მთავრობის ახალ პროგრამაში - „მეტი სარგებელი ხალხს“ წარმოდგენილია პარადოქსული დაპირებები, რომელთა შესრულება დროის მოკლე პერიოდში შეუძლებელია.
„ეს მთავრობის პროგრამაა, მაგრამ მმართველი პარტიის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის პროგრამა, ბუნებრივია, პარტიული პროგრამის მნიშვნელობას იძენს. 4 წლის განმავლობაში, 273 000 სამუშაო ადგილის შექმნა, ტურისტების რაოდენობის 7 მილიონამდე გაზრდა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა – ეს ის დაპირებებია, რომელთა შესრულება 4 წლიან პერიოდში წარმოუდგენელია. მშპ–ს ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები ვერ უზრუნველყოფს ამ დაპირებების შესრულებას. მსგავსი პარადოქსები სამთავრობო პროგრამაში ბევრია. სწორედ ამიტომ დაპირებების დიდი ნაწილი შეუსრულებელი რჩება და აქტუალური პრობლემების მოგვარების დაპირება წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიებისთვის ეფექტური ბერკეტია პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად“, - განაცხდა ალიანსის წარმომადგენელმა ნოდარ ჭიჭინაძემ.
მათივე განცხადებით, ალიანსის მიზანია, სააშკარაოზე გამოიტანოს საარჩევნო პროგრამების რეალური მხარე, შესთავაზოს საზოგადოებას მათი ანალიზი, რითაც ხელს შეუწყობს ილუზიების და ცრუ მოლოდინების განეიტრალებას.
„ვინაიდან, ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით არ ხდება ცალკეული პოლიტიკური ძალების პროგრამების განხილვა, დისკუსიები ცალკეულ საკითხებზე, რაც საზოგადოებას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებოდა, ალიანსი „ეკონომიკური სამართლიანობისა და ბიზნესის თავისუფლებისთვის“ მკაცრად დააკვირდება, შეისწავლის და საზოგადოებას კვალიფიციურ დასკვნებს მიაწვდის ყველა იმ პროგრამის, ან თუნდაც ინიციატივის შესახებ, რომლებსაც პოლიტიკური ძალები გააჟღერებენ“, - აცხადებენ ალიანსის წარმომადგენლები.