პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა თანამდებობიდან გადადგეს და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიას სათავეში ჩაუდგეს. ამ ვერსიის ხელაღებით მტკიცება ჯერ არავის შეუძლია, თუმცა, ასეთი ვარიანტი განიხილება.
როგორც from-ge–ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ნაციონალური მოძრაობის სათაო ოფისში, რომელიც კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს, მიხეილ სააკაშვილისთვის სამუშაო ოთახი უკვე მზადდება. ამაში უცნაური არც არაფერია, რადგან სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარეა და მას საკუთარ პარტიაში სამუშაო ოთახი სჭირდება.
თუმცა, ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ნაციონალების სიის პირველი ნომერი სწორედ სააკაშვილი იქნება და საარჩევნო კამპანიას ახალ ამპლუაში შეუდგება.
სწორედ ამის გამოა, რომ ნაციონალები დღემდე ასაიდუმლოებენ თუ ვინ იქნება სიის პირველი ნომერი.
ერთ-ერთი ვერსიით, მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან 15–16 აგვისტოს გადადგება. თუ ეს ვერსია გამართლდა, მაშინ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთდროულად, ანუ 1 ოქტომბერს გაიმართება.
როგორც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ამბობენ, მიხეილ სააკაშვილს ევროპამ და ამერიკამ არაერთხელ მიანიშნა, რომ მათ არ სურთ საქართველოში პუტინის ვარიანტის ხილვა, ანუ პრეზიდენტის პრემიერად ტრანსფორმირება. სწორედ ამის გამოა, რომ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას არ ფიქრობს.
სამაგიეროდ,სააკაშვილისთვის იდეალური ვარიანტია პარლამენტის თავმჯდომარეობა. ამას კი სააკაშვილი სხვაგვარად ვერ მოახერხებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობით და პარლამენტში მოხვედრით.
გადადგება თუ არა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან და ჩაუდგება თუ არა საპარლამენტო სიას სათავეში? ამ შეკითხვაზე მმართველი პარტიის წევრების ნაწილს ეცინება, ნაწილი კი კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს.
ისე, ეს შეკითხვა უმრავლესობის რამდენიმე წევრისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მათ კომენტარის გაკეთებაც კი ვერ შესძლეს. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიდან ამ შეკითხვაზე კომენტარი ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა გააკეთა.
„ასეთი ტიპის განცხადება, ვინ იქნება პირველი ნომერი ან ვინ სად იქნება მოარული ხმებისა და სპეკულაციების დონეზეა. ისე როგორც მანამდე იყო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ ის პრემიერი გახდება ან პარლამენტის თავმჯდომარე. რაღაც ვერსიები, თეორიული შანსები არსებობს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების, მაგრამ ნამდვილად არ შემიძლია დავადასტურო ან ერთი ან მეორე ვერსია“, – აღნიშნა გიგი წერეთელმა.
from.ge-ს კითხვაზე– ნაციონალურ მოძრაობაში, სააკაშვილის მხრიდან პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომასთან დაკავშირებით თუ იყო საუბარი, წერეთელმა განმარტა, რომ ასეთი საუბარი არ ყოფილა.
„ჩვენ ხშირად გვაქვს საუბარი, მაგრამ არც ერთხელ არ ყოფილა საუბარი პრეზიდენტის გადადგომაზე. ჯერჯერობით, საარჩევნო სიის სათავეზე, ან ათეულზე, ოცეულზე საუბარი არ ყოფილა“,- აღნიშნა გიგი წერეთელმა.
მიუხედავად ასეთი განცხადებისა, არსებობს დიდი ალბათობა, რომ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგეს და საკუთარი პარტიის სიას სათავეში ჩაუდგეს.
მიხეილ სააკაშვილის გადადგომას არ მოელის ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი. იგი აცხადებს, რომ კონსტიტუციის თანახმად, 2 არჩევნების - საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარება შესაძლებელია და ამაში უკანონო არაფერია, თუმცა, მიზანშეწონილი არ არის, რადგან ეს თარიღები ერთმანეთს არ უნდა ემთხვეოდეს.
გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, ყველა ქვეყნის კონსტიტუციაში არჩევნების თარიღებში განსხვავება და ვადიანობაა დადგენილი, როგორც ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთმანეთს არ უნდა ემთხვეოდეს და ამისთვის მრავალი მიზეზი არსებობს.
„კერძოდ, ნებისმიერ ქვეყანას, მათ შორის ჩვენც გაგვიჭირდება ორი არჩევნების ერთად ჩატარება, რადგან ამას უზარმაზარი ხარჯი სჭირდება. გარდა ამისა, არჩევნების ორი თარიღის დამთხვევა ფორსმაჟორია, რაც ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს, რადგან ამით ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი აღიარებს, რომ ქვეყანაში გამოუვალი კრიზისია. სააკაშვილი, თავის პოლიტიკურ გუნდს არ ენდობა, მას საშუალებას არ აძლევს დამოუკიდებლად გამოვიდეს პოლიტიკურ ასპარეზზე.
სააკაშვილი დარწმუნებული არ არის მათ მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანიის შედეგებში. ნაციონალური მოძრაობა უავტორიტეტო პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის რეიტინგზე და შსს-ს ძალმომრეობით აპარატზე“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
მას წარმოუდგენლად მიაჩნია სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა, რადგან „ეს იქნება ნაციონალური მოძრაობის სრული კრახი და იმის აღიარება, რომ მათ საპარლამენტო არჩევნები იქამდე წააგეს, სანამ ჩატარდება“.
გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, სააკაშვილის გადადგომის შემთხვევაში დავით ბაქრაძე გახდება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ის ვალდებული იქნება 45 დღეში დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები.
„სააკაშვილი თავის გუნდში არც ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს არ ენდობა. ის მოდელი კი რაც ნაციონალებმა შემოგვთავაზეს სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელია, სადაც პრეზიდენტი ერთპიროვნულად წყვეტს ყველაფერს. ამ ბერკეტებს, მიხეილ სააკაშვილი არც თავისიანებს და მითუმეტესს არც სხვას ხელში არ ჩაუგდებს“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
იგი არ მალავს, რომ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ორი მიზეზის გამო აწყობს.
„პირველი - ჩვენ მშვიდობიანი გზით გავისტუმრებთ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებიდან და მეორე - ის დაკარგავს იმ ბერკეტს რაც გააჩნია, როგორც პრეზიდენტს“, –-აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
მისივე განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ღირსეული კანდიდატურა ეყოლება, რომელიც ნამდვილად მოუგებს ნაციონალურ მოძრაობას.
მიუხედავად ასეთი განცხადებისა, არსებობს დიდი ალბათობა, რომ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგეს და საკუთარი პარტიის სიას სათავეში ჩაუდგეს.
თუ ეს მოხდება, მაშინ ორი არჩევნები ერთმანეთს დაემთხვევა და საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთად ჩატარდება. ასე, რომ ერთ კვირაში გაირკვევა რამდენად აქვს ამ ვერსიას არსებობის საფუძველი და სურს თუ არა სააკაშვილს პირველი პირის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ქვეყნის მთვარი კანონმდებლის ადგილის დაკავება.