პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ფოთის ოფისის ხელმძღვანელის ჯემალ მიგინეიშვილის და კოალიციაში შემავალი პარტია „მრეწველების“ კიდევ ერთი წევრის ვახტანგ მელაძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
ფანჯიკიძის განცხადებით, „მრეწველების“ წევრს ვახტანგ მელაძეს პარტიის ანგარიშზე 1 000 ლარის შემოწირულობის განხორციელება ედება ბრალად.
„ტენდენცია გრძელდება, უკვე საქმე გვაქვს იმ პირების დაპატიმრებებთან, რომლებმაც პარტიის ანგარიშზე შემოწირულობა განახორციელეს. ეს ემსახურება ერთ რამეს, რომ „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიაში ხელი შეეშალოს“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.
ჯემალ მიგინეიშვილი გუშინ დააკავეს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ცნობით, დაკავების მიზეზი მიგინეიშვილის მიერ კოალიციისთვის 1000 ლარის შეწირვა გახდა.