აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, შპს „ბურჯის“ ახალი მფლობელის ვინაობა სავარაუდოდ დღეს გასაჯაროვდება.ამის შესახებ, from.ge -ს აღსრულების ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ბესიკ ლილუაშვილმა განუცხადა.
„ჩემი ინფორმაციით, ახალი მესაკუთრის ვინაობა სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. „ბურჯის“ ახალი მფლობელის ვინაობა ჩვენთვის ცნობილია, თუმცა ამის გასაჯაროების უფლება 10 დღის გასვლამდე არ გვქონდა. დღეს სავარაუდოდ, თვითონ განაცხადებს ამის შესახებ“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, „ელიტა ბურჯთან“ მოლაპარაკებას თავად ახალი მესაკუთრე აწარმოებს.
ცნობისთვის, აღსრულების ბიუროს თანამშრომლები შპს „ბურჯის“ ობიექტებში 6 აგვისტოს, შევიდნენ. მათი განცხადებით, კომპანია ახალი მფლობელისთვის გადასაცემად მზადდება.
2 აგვისტოს შპს „ბურჯის“ ქონება აუქციონზე 8 761 513. 55 ლარად გაიყიდა. ამ დრომდე უცნობია, ვინ იყიდა შპს „ბურჯის“ ქონება.