ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ათენის ქართული დიასპორის მიწვევით 20 აგვისტოდან ათენში შეხვედრებს გამართავს.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ლორთქიფანიძე From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა, რომელიც საზღვარგარეთაა წასული, ელექტორალურად ოპოზიციის მხარდამჭერებს განეკუთვნებიან, ამიტომ ცდილობს ის შეამციროს მათი რიცხვი. ლორთქიფანიძის განცხადებით, საგულისხმოა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი რამ არაკონსტიტუციურია ვაშაძის ამ ნორმატიულ აქტში, ის გადახედილ იქნება.
-ქართული დიასპორის წარმომადგენლები სერიოზულად აღაშფოთა არჩევნებში ხმის უფლების წართმევამ, საპროტესტო აქციები უკვე გაიმართა ათენში. ათენის ქართულმა დიასპორამ თქვენი საპარლამენტო ფრაქციაც მიიწვია...
-მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ფრაქცია 20 აგვისტოდან 31 აგვისტომდე, რომელიმე სამი დღის განმავლობაში ქართულის დისაპორის მოწვევით ჩავა ათენში. ხვალ ზუსტად მეცოდინება იმ კონფერენციის თარიღი, რომელიც ათენში გაიმართება და რომელზეც ჩვენი დიასპორის უფლებრივი მდგომარეობის კუთხით ვიმსჯელებთ. ძირითადი აქცენტი გაკეთდება წინასაარჩევნოდ შექმნილ სიტუაციაზე და განსაკუთრებით გრიგოლ ვაშაძის 11 ივლისს გამოცემულ ბრძანებაზე, რის შედეგადაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება რთულდება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც ცნობა უნდა წარმოადგინონ საცხოვრებელი ადგილიდან საკონსულოში, რათა შეძლონ საარჩევნო რეგისტრაციის გავლა. ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ლუკმა-პურის საშოვნელად არიან საზღვარგარეთ წასულები საარჩევნო ხმის უფლება ერთმევათ. ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ, რომ ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა, რომელიც საზღავრგარეთაა წასული, ელექტორალურად ოპოზიციის მხარდამჭერებს განეკუთვნებიან, ამიტომ ცდილობს ხელისუფლება შეამციროს მათი რიცხვი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ძალიან სერიოზული საპროტესტო აქციები გაიმართება საფრანგეთში, ბელგიაში, ჰოლანდიაში ჩვენი საელჩოების და საკონსულოების წინააღმდეგ. მარტო ათენში 150 000 ქართველი ცხოვრობს, ჩვენ ძალიან სერიოზულ შეხვედრებს ველით ქართულ დიასპორასთან არა მარტო საბერძნეთის დედაქალაქში, არამედ სხვა ქალაქებშიც, თუ დიასპორის წარმომადგენლების სურვილი იქნება.
-რა ბერკეტი გააჩნია თუნდაც თქვენს ფრაქციას, ან „ქართულ ოცნებას“, რომ შეძლოთ უცხოეთში წასულ თანამემამულეებს საარჩევნოდ ხმის მიცემის უფლება დაუბრუნოთ?
-ჩვენ საქართველოს პარლამენტის წევრები ვართ, ვართ დამოუკიდებელი ფრაქცია და გაგვაჩნია ბერკეტი იმისთვის, რომ ხელისუფლებას უკან დავახევინოთ. სხვათაშორის, საგულისხმოა პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადება, რომლითაც ის ამ პროტესტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუკი რამ არაკონსტიტუციურია ვაშაძის ამ ნორმატიულ აქტში, ის გადახედილ იქნება. პირველი შედეგები ჩვენს გამოხმაურებას მოჰყვა და ჩვენ ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. იძულებით გადაადგილებულ პირთა და სამუშაოდ იძულებით წასულებს შორის, მორალურად განსხვავება არ არის. ჩვენ ჩავაკითხავთ ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენს ამომრჩეველს და მათთან ერთად მივიღებთ დისკუსიებში მონაწილეობას.
-თქვენ აღნიშნეთ, რომ საპროტესტო აქციები ევროპის სხვა ქალაქებშიც გაიმართება. თუ გამოხატავენ საერთაშორისო ორგანიზაციები მხარდაჭერას ჩვენი თანამემამულეების პროტესტის მიმართ?
-არ არსებობს მსოფლიოში სახელმწიფო,რომელიც ასე გულგრილად ეკიდებოდეს თავისი თანამემამულეების ბედს. იმის მაგივრად, რომ საქართველოს ხელისუფლება თვითონ იყოს დაინტერესებული, რომ კონსტიტუციური უფლების რეალიზაციაში მხარდაჭერა გამოუცხადოს თავის თანამემამულეებს, ის ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ დაბლოკოს მისი საარჩევნო ყუთთან მისვლის უფლება, ასეთ მაგალითს თქვენ მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ვერ დამისახელებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საპროტესტო ხმა აუცილებლად მიაღწევს საერთაშორისო უფლებდამცველ ორგანიზაციებამდე და ისინი აუცილებლად დაგვიჭერენ მხარს. ეს სამართლებრივი ნორმიდან გადახრა შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს Human rights watch-ს, Amnesty international -ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს.
-გამოდის, რომ ვაშაძის ამ გადაწყვეტილებით „ქართული ოცნება“ ასი ათასობით ამომრჩევლის ხმას კარგავს ?
-დიახ, ზუსტად ასეა. დღესდღეისობით, არაოფიციალური მონაცემებით, ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა საზღვარგარეთ 1 400 000-დან 1 7000 000-მდე მერყეობს. მე გეტყვით დაზუსტებულ ინფორმაციასაც, რომელიც პარლამენტის წევრებმა გამოვითხოვეთ შს სამინისტროსგან 2010 წლის მუნიციპალურ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და სადაც მითითებულია, რომ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ქვეყანა უკან შემოუსვლელად 160 000-მა ადამიანმა დატოვა.
თქვენ წარმოგიდგენიათ, რამხელა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა თუ ასეთი ტენდენცია და ტემპები მიგრაციის ხარისხთან დაკავშირებით, შენარჩუნებულ იქნა? თუკი ადრე დიასპორებში რამდენიმე ასეულ ადამიანს მოვიაზრებდით, ახლა ათი ათასობით ადამიანია გაერთიანებული იქ და მათი საარჩევნო ხმის გარეშე დატოვება, მთელი პოლიტიკური სპექტრის დანაშაული იქნებოდა. მათ თანადგომა სჭირდებათ და ჩვენი ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ათენში შეეცდება მათ გვერდით დადგომას.