წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ რეგიონებში შეხვედრას განაგრძობს. კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კოალიციის სხვა წევრებთან ერთად, ფოთს ესტუმრა და ფოთის მოსახლეობას ეკა ბესელია ოფიციალურად წარუდგინა.
ბიძინა ივანიშვილმა და ეკა ბესელიამ ამომრჩეველთან შეხვედრისას ყურადღება ქალაქში არსებულ პრობლემებზე გაამახვილეს და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მათ მოგვარებას დაჰპირდნენ.
ივანიშვილმა ასევე ისაუბრა, რომ დღეს არსებობს ბიზნესში პრობლემა, რაც ძალიან კარგად ფოთშიცაა გამოხატული.
ივანიშვილმა უმუშევრობასა და სხვა პრობლემებზე საუბრისას, მედიაში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მედია რამდენიმე ნაწილად გახლიჩა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ყველა ჟურნალისტს თავისუფალი მუშაობის საშუალება ექნება.
„არაფერი ეკონომიკური რეფორმები არ განუხორციელებია ხელისუფლებას, რომელსაც შეეძლო ეკონომიკური ზრდა გამოეწვია“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
ეკა ბესელიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო, რომ კოალიციის ლიდერი თვითონ ჩამოვიდა ფოთში და მოსახლეობას პირადად მიმართა.
„ფოთს ძალიან უჭირს. ის მიტოვებულია ხელისუფლებისგან. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ჩვენ ფოთში არსებულ პრობლემებს მოვაგვარებთ და ამ ქალაქს მართლაც, ვერ იცნობს ფოთელები იმდენად კარგი გახდება“, - განაცხადა ბესელიამ.