"გადაგდებულები"

"ახალი მემარჯვენეები“ და ეროვნულ–დემოკრატები ნაციონალებმა გადააგდეს. მათ ხელისუფლებამ გაკეთებული საქმეები არ დაუფასა, არადა, ორივე პარტიას ეგონა, რომ საარჩევნოდ ბლოკს ქრისტიან–დემოკრატებთან ერთად შექმნიდნენ და არჩევნებში 5%–იან ბარიერს ასე გადალახავდნენ.

ეს მოლოდინი ორივე პარტიას გაუცრუვდა. უფრო სწორედ, უახლოეს ხანში მას შემდეგ გაუცრუვდებათ, რაც პარტიები დაბლოკების შესახებ განცხადებას ოფიციალურად გააკეთებენ.

ქრისტიან-დემოკრატებმა ბლოკის შექმნა პაატა დავითაიას „ევროპელ დემოკრატებთან“ ერთად გადაწყვიტა. ამ ბლოკში ადგილი არ იქნება არც ედპ–სთვის და არც ახალი მემარჯვენეებისთვის. ეს კი ამ პარტიებისთვის მაინც და მაინც სასიამოვნო სიურპრიზი არ უნდა იყოს.

როგორც from.ge–ს სანდო წყარომ აცნობა, ქრისტიან–დემოკრატებს ხელისუფლება არწმუნებდა, რომ ბლოკი ედპ–სთან და ახალ მემარჯვენეებთან ერთად შეექმნა. იმასაც ამბობენ, რომ ედპ იმაზეც კი თანახმა იყო, რომ ბლოკის გამსვლელ სიაში საერთოდ ადგილი არ ჰქონოდა და მარტო ბლოკის სუბიექტი ყოფილიყო.

ედპ-ს ინტერესს მხოლოდ ის წარმოადგენდა, რომ ბლოკის შემადგენლობაში ყოფილიყო  და საპარლამენტო პარტიის სტატუსი ჰქონოდა. მაგრამ გიორგი თარგამაძემ „ქვა ააგდო, ქოში ჰყარა“ და ახალ მემარჯვენეებთან და ედპ-სთან ერთად ბლოკის შექმნაზე უარი განაცხადა. სამაგიეროდ, თითქმის გადაწყვეტილია პაატა დავითაიასთან ერთად ბლოკის შექმნა. ახალ, ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებაში ადგილი ედპ-სთვის და ახალი მემარჯვენეებისთვის არ მოიძებნა. დავითაიას  პარტია კი გიორგი თარგამაძისთვის მისაღები აღმოჩნდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ „ევროპელ დემოკრატებს“ ყველა საოლქო და საუბნო კომისიებში საკუთარი წევრი ჰყავს, ეს კი არჩევნების დროს ცოტა არ არის.

საარჩევნო კომისიებში წევრის ყოლა ყველა პარტიისთვის მომგებიანი კოზირია და ამ კოზირს ქდმ არჩევნების დროს აქტიურად გამოიყენებს, თუმცა, რამდენად წაადგება, ეს ოქტომბერში გამოჩნდება.

რაც შეეხება ახალ მემარჯვენეებსა და ედპ-ს, ის ყველაზე კონსტრუქციული ოპოზიცია იყო ჯერ კიდევ მანამ სანამ პოლიტიკურ ველზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა. ჯერ კიდევ „ოპოზიციურ რვიანში“, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით შეიქმნა ედპ და ახალი მემარჯვენეები ხელისუფლების წისქვილზე ასხამდნენ წყალს, თანაც ისე, რომ დანარჩენებმა ისინი ხელისუფლებასთან „ჩახუტებაში“ დაადანაშაულეს.  ხელისუფლებამ ახლებს ამაგი მხოლოდ იმით დაუფასა, რომ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტელევიზიებში „ახალი მემარჯვენეების“ პარტიული ღონისძიებები კარგად შუქდებოდა.

მმართველმა პარტიამ მემარჯვეების გული იმითაც მოიგო, რომ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას (ასდუკ–ს) სათავეში მამუკა კაციტაძე ჩაუყენა.

ყველამ იცის და ამას სოციოლოგიური კვლევებიც ადასტურებს, რომ  ახალ მემარჯვენეებს და ედპ-ს საარჩევნო ბარიერის გადალახვა დამოუკიდებლად არ შეუძლია. ამდენად, ხელისუფლების მიერ „გადაგდებულ“ დავით გამყრელიძეს და ბაჩუკი ქარდავას ისღა დარჩენია, რომ საპარლამენტო არჩევნების ნაცვლად 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის მოემზადონ.