„ნაც.მოძრაობა“ 7 და 8 აგვისტოს საარჩევნო კამპანიას  წყვეტს

„ნაც.მოძრაობა“ 7 და 8 აგვისტოს საარჩევნო კამპანიას წყვეტს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, 7 და 8 აგვისტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო კამპანიას შეწყვეტს.

მაჭავარიანის თქმით,  პატივი უნდა მივაგოთ იმ გმირთა ხსოვნას, რომლებიც უცხო ქვეყნის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს თავისუფლებასა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის დროს დაიღუპნენ.

„ისინი არიან გმირები, რომლებიც საქართველოს და თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს იცავდნენ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ამ დროს ყველა პოლიტიკური ძალა ჩვენი გმირების ხსოვნისთვის პატივის მიგებით უნდა იყოს დაკავებული.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 7 და 8 აგვისტოს საარჩევნო კამპანია შეაჩეროს, მათ შორის ტელევიზიებში სარეკლამო რგოლების გაშვება, საარჩევნო ბუკლეტების დარიგება და მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრები. მიგვაჩნია, რომ ამ დროს ყველა პოლიტიკური ძალა ჩვენი გმირების ხსოვნისთვის პატივის მიგებით უნდა იყოს დაკავებული“,  - განაცხადა მაჭავარიანმა.

მაჭავარიანმა ასევე პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდა და სთხოვა მიბაძონ მათ მაგალითს და 7 და 8 აგვისტოს საარჩევნო კამპანია დროებით შეაჩერონ.

8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი სრულდება, რასაც რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოყვა.