გუშინ შუახევში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გიორგი ხურციძე სამართალდამცველებმა მოწმის სტატუსით დაკითხეს. ხურციძე ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა დასაკითხად ძალის გამოყენებით წაიყვანეს. მისთვის ასევე გაუგებარია, თუ რატომ არაა ამ ფაქტთან დაკავშირებით კონკრეტული პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაწყებული.
შეგახსენებთ, გუშინ შუახევში კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის ირაკლი დობორჯგინიძის ავტომანქანში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს.
კოალიციის პრესპიკერის მაია ფანჯიკიძის განმარტებით, პოლიცია ნაცვლად იმისა, რომ მომხდარი ფაქტით დაინტერესებულიყო, ვითომდა ქურდობის ფაქტზე მოწმის სტატუსით დააკავა გიორგი ხურციძე და გიორგი ობოლაძე.
„მესტუმრნენ პოლიციელები გადმომცეს უწყება. რაზეც წერია, რომ მოწმის სახით ვარ დაბარებული. ხელი მოვაწერე თავისთავად ცხადია. როგორც ვიცი, ეს უწყება კურიერს დააქვს ამ შემთხვევაში, კრიმინალური პოლიციიდან მოვიდნენ. ვუთხარი, რომ აუცილებლად გამოვცხადდებოდი მათ არ დამაცადეს ვუთხარი, რომ ადვოკატი მესაჭიროებოდა და ადვოკატთან ერთად გამოვცხადდებითქო, მაგრამ მანქანაში ძალის გამოყენებით ჩამსვეს“, - განაცხადა ხურციძემ.