ტელეკომპანია მაესტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი მესაზღვრის, ზაზა კაპანაძის ოჯახს გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიაში ეჭვი შეაქვს. გარდაცვლილის ახლობელი, ფრიდონ დათუნაშვილი ტელეკომპანია „მაესტროსთან“ საუბარში აცხადებს, რომ ზაზა კაპანაძე 10 დღის წინ ტყეში დაიკარგა და სამხედრო პოლიციამ იპოვა.
ახლობლების თქმით, კაპანაძეს ფეხები ჰქონდა დაზიანებული და ამის გამო რამდენიმე დღე სახლში იმყოფებოდა. გუშინ კი, მას სამსახურიდან დაურეკეს და პოსტზე გამოცხადება მოსთხოვეს.
„ტყეში წავიდა წყალზე. ცხენი გაექცა, ჩამოვარდა. რომ გათენდა, ტყეში ორიენტაცია დაკარგა და შემდეგ იპოვეს ჯარისკაცებმა. ფეხები ჰქონდა ნატკენი და სახლში გამოუშვეს. შემდეგ გამოიძახეს პოსტზე. ჩვენი აზრით, ის იქვე გარდაიცვალა, ჩააცვეს და წამოიყვანეს საქმის დასამალად. ჩვენ გვგონია, რომ ეს შემთხვევითი მკვლელობა არ არის. ეს რაღაც დაკავშირებულია დიდ, მძიმე საქმეებთან“, - განაცხადა დათუნაშვილმა.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრე, უფროსი სერჟანტი, 31 წლის ზაზა კაპანაძე 5 აგვისტოს გარდაიცვალა.
„სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ზაზა კაპანაძე მოულოდნელად გახდა ცუდად, რის შემდეგაც გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.ექიმების პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს“,- ნათქვამია შს სამინისტროს 5 აგვისტოს განცხადებაში.