ცესკომ  ავღანეთში ქართულ ბატალიონებში საუბნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით კონკურსი გამოაცხადა

ცესკომ ავღანეთში ქართულ ბატალიონებში საუბნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით კონკურსი გამოაცხადა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს შეიარაღებული ძალების ავღანეთში დისლოცირებულ სამშვიდობო ბატალიონებში საპარლამენტო არჩევნების  ჩასატარებლად საუბნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით კონკურსი გამოაცხადა. სპეციალური ჯგუფები სამ-სამი წევრით დაკომპლექტდება.

ცესკო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, კონკურსი 9 აგვისტომდე გასტანს.

კომისიის განმარტებით, პროპორციული წესით 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების უზრუნველყოფის მიზნით, ავღანეთში ქართულ ბატალიონებში მომსახურე პერსონალისთვის, ჰელმანდის ორი საარჩევნო უბანი შეიქმნა - „შუკვანი“,  სადაც ქაბულის ბაზაზე მყოფი ამომრჩევლები გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მისცემენ ხმას და მეორე - „ბ - ასეულის ბაზა“.

კონკურსში მონაწილეებმა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად უნდა წარადგინონ 2 ფოტოსურათი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ქსეროასლი და თანხმობა სპეციალური ჯგუფის წევრად ყოფნაზე.

პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის 1 ოქტომბერს გაიმართება. ავღანეთში კი, ორივე უბანზე, საპარლამენტო არჩევნები ერთი კვირით ადრე გაიმართება.