ალა კახნიაური: აღსრულების ბიუროს თანამშრომლები შპს „ბურჯის“ შენობის გათავისუფლებას ითხოვენ

ალა კახნიაური: აღსრულების ბიუროს თანამშრომლები შპს „ბურჯის“ შენობის გათავისუფლებას ითხოვენ

შპს „ბურჯში“ აღსრულების ბიუროს თანამშრომლების ყოფნას,  სს „ქართუ ჯგუფის“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი ალა კახნიაური ადასტურებს. კახნიაურის განცხადებით, აღსრულების ბიუროს თანამშრომლები შენობის გათავისუფლებას და დატოვებას ითხოვენ.

„ჩვენს საკუთრებაში არსებული ქონების დაცლას უკანონოდ ითხოვენ. ამბობენ,  რომ  ეს ქონება გაიყიდა, მაგრამ ჯერ არ ვიცით გაიყიდა თუ არა,  ამას ხომ თავისი  წესები აქვს. გაყიდვის პროცედურა ბოლომდე არა მიყვანილი,  თანხაც  არაა გადახდილი და ახალი მესაკუთრე, რომელმაც ეს ქონება შეიძინა, საჯარო რეესტრში არაა დარეგისტრირებული. ახლა ვითომ აღსრულების ბიუროს თანამშრომლები  ახალი მესაკუთრის ინტერესებს იცავენ“, - განაცხადა კახნიაურმა.

მისივე თქმით, აღსრულების ბიუროს თანამშრომლებს არანაირი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენიათ.

კახნიაურის განცხადებითვე, ჩვენი სახელმწიფო სამართლებრივი სივრციდანაა გასული. შესაბამისად,  მისი თქმით, მაშინ, როცა ხელისუფლება ყოველ ფეხის ნაბიჯზე უსამართლოდ იქცევა, მათ  სამართლებრივი ბერკეტი არ გაგვაჩნიათ.  

შპს „ბურჯის“ 2 აგვისტოს აუქციონზე 8 761 513. 55 ლარად გაიყიდა. მყიდველის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. როგორც აღსრულების ბიუროში აცხადებდნენ, შპს "ბურჯის" ქონებაზე დაინტერესება დიდი იყო და ინტერნეტ-აუქციონის მეშვეობით ქონების შესასყიდად რამდენიმე მომხმარებელი ვაჭრობდა. ქონებაზე საწყისი ფასი იყო 5.153.831 ლარი და 50 თეთრი.

შპს "ბურჯი" აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე, კოალიცია "ქართული ოცნებისთვის" შეღავათიანად ავტომობილების მიქირავებისათვის, ასევე, კოალიციის ოფისებით შეღავათიან ფასებში გარემონტებისათვის 10 მილიონამდე ლარით დააჯარიმეს. კომპანიამ ჯარიმის თანხა არ გადაიხადა, რის შემდეგაც ქონება დაყადაღდა და აუქციონზე გავიდა.