პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია დღეს, ფოთში საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად იწყებს. ის ფოთის ამომრჩევლებთან პირველ დიდ შეხვედრას გამართავს, რომელსაც კოალიციის სხვა ლიდერებიც დაესწრებიან.
ბესელიას განცხადებით, პირველი რასაც აცნობებს მოსახლეობას, ეს იქნება ოფიციალური დასტური ახალი პირადობის მოწმობებით, რომ ფოთის მაცხოვრებელი, ფოთელი გახდა.
რაც შეეხება კოალიცია „ქართული ოცნების“ შეთავაზებას ფოთისთვის, ბესელიას თქმით, მას აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ფოთში არსებული პრობლემების დაძლევა.
„ეს ეხება, ქალაქში სამართლიანობის პრობლემას, ეკონომიკურ, დასაქმების, პოსტთან დაკავშირებულ პრობლემებს. ქალაქის ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობას, ეკოლოგიურ და მელიორაციულ პრობლემებს, ქალაქის ნაპირის დაცვის პრობლემას და ფოთის განსაკუთრებული ქალაქად ქცევის ფუნქციის შესაძლებლობას. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა იქნება პირველი და ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სტარტი, მით უფრო, რომ ფოთში დღეს, კოალიციის ლიდერები ჩამოვლენ. დასაწყისი ძალიან შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი იქნება. ამის შემდეგ, უკვე დავიწყებ ყოველდღიურ შეხვედრებს ფოთის მოსახლეობასთან და ვგეგმავ, დაახლოებით, ერთ თვეში ფოთის მთელ მოსახლეობას შევხვდე“, - განაცხადა ბესელიამ.