ზურაბ ზვიადაურს   მანქანა ჩამოართვეს

ზურაბ ზვიადაურს მანქანა ჩამოართვეს

 „ქართული ოცნების“  ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზურაბ ზვიადაურს  აგარის გადასახვევთან მანქანა ჩამოართვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო პირველი ავრცელებს.

"თბილისიდან პატრულის მანქანა მომყვებოდა, რომელიც ზონების მიხედვით იცვლებოდა. მანქანა სასადილოსთან გავაჩერე და სასადილოდან გამოსვლის შემდეგ მოვიდა პატრული, რომელსაც ალბათ, ნასვამი ვეგონე. შემამოწმეს, ნასვამი ვიყავი თუ არა და ამის შემდეგ მომთხოვეს ტექპასპორტი, რომელიც არ მქონდა. ასევე პირადობა და მართვის მოწმობა შემიმოწმეს. ამის შემდეგ ევაკუატორი გამოიძახეს და მანქანის საჯარიმოზე გადაყვანა დაავალეს ორ ადამიანს, რაზეც უარი განვაცხადე და მანქანას გორის საჯარიმოზე გავყევი, სადაც "ქართული ოცნების" გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო ვახტანგაშვილი დამხვდა", - განუცხადა  „პირველს“ ზვიადაურმა.

ზვიადაურის თქმით, მანქანის საჯარიმოზე გადაყვანის მიზეზი ტექპასპორტის არქონა გახდა. როგორც ზვიადაურს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განუცხადეს, მანქანას ტექპასპორტის გარეშე ვერ წაიყვანს და ასლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.