ქრისტიან-დემოკრატები და „ევროპელი დემოკრატები“ საარჩევნოდ სავარაუდოდ ერთად გამოვლენ. ქრისტიან-დემოკრატების წევრი ლევან ვეფხვაძე from.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამ ორ პარტიას შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ჯერ 2 კვირა კიდევ გვაქვს“, -განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. From.ge-სთან საუბარში „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ ქრისტიან-დემოკრატებთან მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„მოლაპარაკებები სავარაუდოდ იმ კვირაში დასრულდება“- განაცხადა პაატა დავითაიამ.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ქრისტიან-დემოკრატების და „ევროპელი დემოკრატების“ საარჩევნო ბლოკის ფორმირების შემდეგ სიის სავარაუდო პირველი ხუთეული ასე განისაზღვრა: გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია, ლევან ვეფხვაძე, გიორგი ახვლედიანი და პაატა დავითაია. შემდეგ იქნებიან მაგდა ანიკაშვილი, ნიკა ლალიაშვილი, რატი მაისურაძე და სხვები.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატები და „ევროპელი დემოკრატები“ ერთი საარჩევნო ბლოკით გამოვიდნენ.