პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები თელავის რაიონის სოფელ შალაურში მოსახლეობას შეხვდნენ. ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრის ნელი ჩიკვაიძის თქმით, სტიქიის პირველივე დღეს, მათთან პრეზიდენტი მივიდა და მას შემდეგ, მთავრობას ისინი უყურადღებოდ არ დაუტოვებია.
„ყველაფერს აკეთებენ, რომ დაგვეხმარონ. თქვენ ახლა გაგახსენდათ შალაური?“, - მიმართა ადგილობრივმა მკვიდრმა კოალიციის ლიდერებს.
ადგილობრივების ამ რეპლიკებს „ქართული ოცნების“ წევრი, ხელისუფლების პროვოკაციად აფასებს.
„ჩვენი სურვილია, ადამიანები იყვნენ რეალურად და არა „დარიგებულად“ კმაყოფილები. ყველა ჩვენი თვალით ვხედავთ, რომ ზარალი დიდია, დაიხოცა შინაური ფრინველი, ცხოველი, დაუზიანდათ ავეჯი, ზოგს მოსავალის უდიდესი ნაწილი გაუნადგურდათ და ყველას გვესმის, რომ 300 და 1500 ლარამდე ანაზღაურება, რამდენიმე კვირა არ ეყოფათ. ვინმე თუ გამოვა და იტყვის, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გაგვიკეთა, ეს იქნება თავის მოტყუება. ჩვენ თუ გვინდა, რომ მიშას, ვირტუალურ „კმაყოფილ“ საქართველოში ვიცხოვროთ, სადაც 90 %-ს ეშინია, რომ თქვას, რა პრობლემები აქვს და რა ზარალი მიადგა, ასე ვერც ქვეყანას ვუშველით და ხალხიც ისეთივე მძიმე მდგომარეობაში გვეყოლება, როგორც თუნდაც ამ წუთას შალაურშია“, - განაცხადა სესიაშვილმა.