გიორგი ტუღუში ნოდარ ჩაჩუას მიმართ, განხორციელებული მუქარის ფაქტზე  პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვს

გიორგი ტუღუში ნოდარ ჩაჩუას მიმართ, განხორციელებული მუქარის ფაქტზე პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვს

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში  მთავარ პროკურორს „მე-9 არხის“ ჟურნალისტის  ნოდარ ჩაჩუას მიმართ,   განხორციელებულ მუქარის ფაქტზე გამოძიების დაწყებას სთხოვს. აღნიშნულის შესახებ, სახალხო დამცველის აპარატი  განცხადებას აქვეყნებს.

From.ge სახალხო დამცველის განცახდებას უცვლელად გთავაზობთ.

„27 ივლისს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ჟურნალისტის ნოდარ ჩაჩუას მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ. იმავე დღეს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ და ნოდარ ჩაჩუას ახსნა-განმარტება ჩამოართვეს. ახსნა-განმარტების თანახმად, 2012 წლის 23 ივლისს დაახლოებით, 18:00 საათზე თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე მას უცნობი მამაკაცი შეხვდა, რომელმაც მოსთხოვა, ჩამჯდარიყო იქვე მდგარ ავტომანქანაში. ჟურნალისტი დაემორჩილა უცნობი მამაკაცის მოთხოვნას, ჩაჯდა ავტომანქანაში, სადაც მას კიდევ ორი პირი დახვდა. მანქანაში ჩაჯდომისთანავე უცნობმა პირებმა მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, აჩვენეს მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და განუცხადეს, რომ მათი დავალებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოახდენდნენ ჩანაწერის განსაჯაროებას. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, უცნობ პირებს მისთვის ვინაობა არ უცნობებიათ, მხოლოდ ის განუმარტეს, რომ იყვნენ „სამსახურის“ წარმომადგენლები და შეეძლოთ მისთვის პრობლემების შექმნა. ახსნა-განმარტების თანახმად, აღნიშნული პირები ჟურნალისტს განმეორებით 26 ივლისს შეხვდნენ, როდესაც კვლავ აგრძელებდნენ მსგავს რიტორიკას“, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ნოდარ ჩაჩუას მიერ ახსნა-განმარტებაში მოცემული ინფორმაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შესაბამისად, აღნიშნული ფაქტების შესწავლა და სათანადო რეაგირების განხორციელება საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაა.