„მე-9 არხის“ ჟურნალისტმა ნოდარ ჩაჩუამ პროკურატურას მიმართა

„მე-9 არხის“ ჟურნალისტმა ნოდარ ჩაჩუამ პროკურატურას მიმართა

„მე-9 არხის“ ჟურნალისტმა ნოდარ ჩაჩუამ, მის მიმართ განხორციელებული შანტაჟის გამო, გამოძიების მოთხოვნის დაწყებით პროკურატურას მიმართა.  

„დღეს ოფიციალურად მივმართე პროკურატურას, რათა გამოიძიონ ჩემს მიმართ განხორციელებული შანტაჟის ფაქტი. მზად ვარ, ვითანამშრომლო პროკურატურასთან“, - განაცხადა  ჩაჩუამ.

„მე-9 არხის“ იურისტ სერგი ჯორბენაძის შეფასებით, ნოდარ ჩაჩუას მიმართ სისხლის სამართლებრივი დანაშაული განხორციელდა, რომელიც დანაშაულთა ერთობლიობას წარმოადგენს.

„მოხდა ნოდარ ჩაჩუას იძულება, განხორციელდა მასზე მუქარა, ასევე ხელი შეეშალა მას ჟურნალისტურ საქმიანობაში; მის მიმართ განხორციელებული ქმედებებით მოხდა ჟურნალისტის პირადი საიდუმლოების ხელყოფა. ამასთან, პირებმა რომლებმაც ნოდარ ჩაჩუაზე შანტაჟი განახორციელეს, გადააჭარბეს საკუთარ სამსახურებრივ უფლებამოსილებას. აქედან გამომდინარე ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც მოიცავს დანაშაულთა ერთობლიობას“, - განაცხადა ჯორბენაძემ.

შეგახსენებთ, „მე-9 არხის“ ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა სამმა პირმა გაურკვეველი მიმართულებით ავტომობილით წაიყვანა, როგორც ჩაჩუა ამობობს, მის მიმართ განხორციელდა შანტაჟი და მუქარა. ნოდარ ჩაჩუასგან მე-9 არხიდან ინფორმაციის გატანას მოითხოვდნენ.