პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადებით, ხელისუფლება სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურებას არ აპირებს.
მისი თქმით, კოალიცია ერთი კვირის განმავლობაში ელოდა, რომ ხელისუფლება ბიუჯეტში გაჩენილ დაუგეგმავ 80 მლნ ლარზე ადეკვატურ განცხადებას გააკეთებდა, თუმცა ამაოდ.
„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ხელისუფლება არ აპირებს ზარალის ანაზღაურებას. ისინი აპირებენ, რომ მხოლოდ სიმბოლური კომპენსაციით შემოიფარგლონ. გუშინ კიდევ ერთხელ განაცხადეს ამის შესახებ. ეს ძალიან სამწუხაროა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბიუჯეტში გაჩნდა დაუგეგმავი 80 მილიონი ლარი, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას, რომ სრულად აანაზღაურონ ზარალი, რომელიც მოსახლეობას მიადგა“, - განაცხადა ხიდაშელმა.
ხიდაშელის თქმით, კოალიცია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დეტალურ აღწერას იწყებს. მისი თქმით, აღწერენ როგორც შინაური ფრინველისა თუ პირუტყვის დახოცვით მიყენებულ ზარალს, ისე დაზიანებულ ტექნიკას, ტრანსპორტს და საცხოვრებელ სახლებს.