„თქვენი საიტის საშუალებით მინდა მივმართო მეგრელებსაც და საქართველოს სხვა კუთხის მოსახლეობასაც და იმ ქალბატონის მაგივრად ბოდიში მოვუხადო, რომელმაც პროვოცირების მოწყობა სცადა სვანეთში. რადგან სვანეთის მოსახლეობაში დასაყრდენი ვერ იპოვეს, „ნაციონალები“ შეეცადნენ კუთხეების დაპირისპირებაში გადაეზარდათ ყველაფერი, მაგრამ ეს ვერ შეძლეს “,-განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა სოზარ სუბარმა From.ge-სთან საუბარში. როგორ დახვდნენ სვანეთში „ქართულ ოცნებას“, რას ვერ აპატიებენ სვანები მიხეილ სააკაშვილს და რა სთხოვეს კვირიკეს სალოცავში ბიძინა ივანიშვილს?
From.ge სოზარ სუბარს ესაუბრა.
-რა განწყობა დახვდა „ქართულ ოცნებას“ სვანეთში?
-სვანების განწყობა არის ისეთი, როგორიც მთელ საქართველოში, ხალხი ძალიან გამწარებულია. ე.წ სვანეთის აღმშენებლობა სინამდვილეში არის ის, რომ მესტიის ცენტრში შენდება რამდენიმე მახინჯი და უგვანო შენობა, რომელთაც მესტიას პირვანდელი სახე დაუკარგეს და აღარ არის ტრადიციული ხალხის შესაკრები ადგილი, იმიტომ, რომ თემურ ჭყონიას სასტუმრომ დაიკავა მესტიის ერთადერთი მოედანი. ხალხი უაღრესად შეურაცხყოფილია. უპატრონოდ არის მიტოვებული სვანური სოფლები. მესტიიდან უშგულამდე 40-კილომეტრიანი გზა რომ გაიაროთ, მანქანა აუცილებლად სერიოზული სარემონტო გაგიხდებათ. მესტია ერთგვარ პიარაქციად გადააქციეს, რომლის უკან არაფერი არ დგას. როგორც სიღნაღი და ანაკლია, ასეთივე პიარაქაციების მსხვერპლი გახდა მესტიაც. წინა ზამთარს საუბარი იყო, რომ მესტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამთო-სათხილამურო კურორტი უნდა გამხდარიყო, ახლა კი აღარავინ ახსენებს ამას.
სვანეთში არის უდიდესი მოლოდინი ბიძინა ივანიშვილის, არჩევნების და მოლოდინი იმის, რომ ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება. სვანეთი არაფრით არ შეიძლება დასაყრდენი იყოს დღევანდელი ხელისუფლების, როდესაც სააკაშვილმა ზედ ჩემი სოფლის-ჭუბერის თავზე გაავლო საზღვარი, დროებითი, მაგრამ მაინც საზღვარი. დღეს ჩემი სოფლის თავზე დგანან რუსი მესაზღვრეები, მაშინ როდესაც იმ ქედს იქით გახლდათ კოდორის ხეობა, საქართველოს ნაწილი და მას სვანები იცავდნენ. როგორც კი სააკაშვილმა თავისი უგუნური პოლიტიკის გატარება გადაწყვიტა, ეს ხეობა ისე ჩააბარა რუსებს, რომ ერთი ტყვიაც არ გავარდნილა ხეობის დასაცავად. არც ხეობის მაცხოვრებლებს მისცეს მისი დაცვის საშუალება და არც ჩვენმა შეიარაღებულმა ჯარებმა არ გააკეთეს არაფერი საიმისოდ, რომ ხეობა რუსებისთვის არ ჩაგვებარებინა.
ეს ისეთი თემაა, რომელსაც არა მარტო ქართველი ხალხი, არამედ სვანებიც ვერასოდეს დაივიწყებენ და ამიტომ ვერ იქნება იქ პოპულარული სააკაშვილის „ნაცმოძრაობა“ .
-მიუხედავად იმის, რომ სვანეთში შენდება აეროპორტი, სასტუმროები, თვლით, რომ ეს კეთდება ტურისტებისთვის და არა სვანი მოსახლეობისთვის?
-მესტიაში აეროპორტი იყო, რომელიც კეთილმოეწყო. მესტიის ცენტრში გახლავთ მოედანი, სადაც პრაქტიკულად ცხოვრება დუღდა და ის სვანების თავშეყრის ადგილი გახლდათ, ცხოვრება გააჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ თემურ ჭყონიას, იქ თავისი სასტუმრო აეშენებინა და სვანეთის მთავარი სალოცავის- წმინდა გიორგის სალოცავისკენ მისასვლელი გზა გადაეკეტა. ეს არ არის სვანეთის აღმშენებლობა, ეს არის ყველაფერი ტრადიციულის ნგრევა, რომელიც სვანეთს გააჩნდა.
თუ საუბარია ტურისტების ჩასვლაზე, არ არის აუცილებელი ეს ტურისტები მაინცდამაინც ჭყონიას სასტუმროში გაჩერდნენ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება მცირე ბიზნესის განვითარების საშუალება, რაც არ კეთდება.
-ბიძინა ივანიშვილის სვანეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო კარალეთის მსგავსი ინციდენტის მოწყობა...
-მართალია, ნაცმოძრაობას არ გამოუვიდა სვანეთში ინციდენტების მოწყობა. თქვენ რომ გადაავლოთ თვალი შეხვედრებს იფარში, ლატალში, მესტიაში, ჭუბერში, გაოგნებული დარჩებით. აღარაფერს ვამბობ წმინდა კვირიკეს სალოცავში შეხვედრაზე, სადაც ათასობით ადამიანი ლოცავდა ბიძინა ივანიშვილს და ხსნას სთხოვდა „სატანებისგან“. ეს მხოლოდ ძალიან რბილი სიტყვაა იმის, რითაც სვანები სააკაშვილის ხელისუფლებას იხსენიებდნენ. სოფელ იფარში არ დარჩენილა ოჯახი, მათ გარდა, ვინც სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობს, ვისაც „ქართული ოცნების“ მაისური არ ეცვა ივანიშვილთან შეხვედრისას.
მესტიის ცენტრში ხელისუფლებამ სცადა მცირე პროვოკაციის მოწყობა. პროვოკაციის მოსაწყობად მათ არა სვანები, არამედ საქართველოს სხვა კუთხეებიდან ჩამოყვანილი ხალხი დაიქირავეს. ეს ადამიანები იქ თავისი შეძახილებით ცდილობდნენ დაპირისპირების გამოწვევას. ამ მყვირალა ახალგაზრდებს ელოდებოდა ათობით პოლიციელი, რომლებიც მზად იყვნენ, ერთი ზედმეტი ხმის ამოღების შემთხვევაში, ჩარეულიყვნენ.თუმცა, მოსახლეობამ დიდი მოთმინება გამოიჩინა.
ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ერთი ქალბატონი გამოვიდა და შეურაცხმყოფელ ტონში ილაპარაკა მეგრელებზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას პროვოკაციის მოსაწყობად, სწორედ მეგრელები ჰყავს წამოყვანილი. იქ მყოფმა ადამიანებმა ეს ქალბატონი გააჩუმეს და მის ნაცვლად ბოდიში მოიხადეს. მე მინდა თქვენი საიტის მეშვეობით კიდევ ერთხელ მოვუხადო ბოდიში სამეგრელოს და სხვა კუთხის მოსახლეობასაც, ამ ქალბატონის ნაცვლად, ისევე როგორც ბოდიშს ვუხდი სვანეთის მოსახლეობას ხელისუფლების იმ ქმედების გამო, როცა მან სხვა რაიონებიდან ჩამოყვანილი ადამიანების მეშვეობით სცადა პროვოკაციების მოწყობა და სიტუაციის არევა. „ნაციონალები“ შეეცადნენ, რადგან სვანეთის მოსახლეობაში დასაყრდენი ვერ იპოვეს, კუთხურ დაპირისპირებაში გადაეზარდათ ყველაფერი, მაგრამ ეს ვერ შეძლეს. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების ყველაზე ნათელი სახე.