"ბანკი ქართუს“ დროებითი მმართველის მიერ, 50 მილიონიანი დოლარის ღირებულების 4 საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების გასაჩივრებას „ ქართუ ბანკის“ ახლანდელი ადმინისტრაცია დღეს აპირებს. ამის შესახებ, from.ge - ის „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა.
„ამ დოკუმენტზე მუშაობა ახლა მთავრდება. როგორც კი, მომზადდება სასამართლოში შევიტანთ. ასევე შევეცდებით სისხლის სამართლის საქმე ვლადიმერ უგულავას და ირაკლი ზარქუას წინააღმდეგ აღვძრათ“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
მისი თქმით, თუ სასამართლო ამ საქმეს მათ სასარგებლოდ არ გადაწყვეტს, ეს ვალდებულება ბანკზე ძალიან მტკივნეულად აისახება, თუმცა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების იმედი, არც ამჯერად აქვს.
„რატომ შეიძლება ვიფიქრო, მე ნორმალურმა ადამიანმა ნოდარ ჯავახიშვილმა, რომ ამჯერად, 59-ე შემთხვევაში, სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა ჯავახიშვილმა და შესაბამისად, „ქართუ ბანკის“ გაკოტრების ვერსია არ გამორიცხა.
„თუმცა ჩვენ ამის საწინააღმდეგოდ ყველაფერს გავაკეთებთ. ვნახოთ რა იქნება“, - აცხადებს ჯავახიშვილი.
შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 26 ივნისს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს „ქართუ ჯგუფში“ და აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“. შესაბამისად, აღსრულების ბიურომ „ქართუ ჯგუფის“ აქციების 100% და „პროგრეს ბანკის“ 21.7% აუქციონზე გაიტანა, რომელიც 10 ივლისს უშედეგოდ დასრულდა - ქონება არ გაიყიდა. ამის შემდეგ, „ბანკ ქართუში“ დროებითი მმართველი ვლადიმერ უგულავა დაინიშნა. ხოლო ნოდარ ჯავახიშვილი „ქართუ ჯგუფის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მას შემდეგ დაბრუნდა, რაც პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჯარიმა გადაიხადა.