საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ვღანეთში 31-ე ბატალიონის კაპრალის გივი ფანცულაიას დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. აღნიშნულის შესახებ, აშშ-ის ელჩის დროებით მოვალეობის შემსრულებელი განცხადებას ავრცელებს.
საქართველოში აშშ-ის ელჩის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და თანაუგრძნობს მის ახლობლებსა და თანამებრძოლებს.
„ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ბრძოლის გამო ქართველი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების მიმართ ღრმა პატივისცემას გამოვხატავთ, რადგან საქართველოს შეიარაღებული ძალების მსახურება ფასდაუდებელი და საამაყოა. ამერიკის საელჩო დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისა და მათი ოჯახების მიმართ პატივისცემას განაგრძობს“, - ნათქვამია განცახდებაში.
კაპრალი გივი მამუკას ძე ფანცულაია ავღანეთში მოწინააღმდეგის მიერ ნაღმმტყორცნი ჭურვის აფეთქების შედეგად, 2012 წლის იანვარში დაიჭრა. კაპრალ გივი მამუკას ძე ფანცულაიას ამერიკული მხარის მიერ ადგილზევე სამედიცინი დახმარება მყისიერად ჩაუტარდა. შემდეგ ის გადაყვანილი იქნა გერმანიაში, ამერიკის სამხედრო ჰოსპიტალში. კაპრალი იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში და აღენიშნებოდა ნერვული სისტემის დაზიანება.
3 მარტის შემდეგ კაპრალი გივი მამუკას ძე ფანცულაია გადმოყვანილი იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მისი სიცოცხლის გადასარჩენად კვალიფიციური ექიმები 6 თვის განმავლობაში იბრძოდნენ. ექიმების თავდადებული მცდელობის მიუხედავად სამწუხაროდ, გივი მამუკას ძე ფანცულაისა გადარჩენა ვერ მოხერხდა.