კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ ოზურგეთში ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტს აპროტესტებს, ამის შესახებ კოალიცია განცხადებას ავრცელებს, რომლესა From.ge უცვლელად გთავაზობთ
„დღეს ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე სამართალდამცავებმა პრობლემები შეუქმნეს „გურია ნიუსისა“ და „მეცხრე არხის“ ჟურნალისტებს. პოლიციელებმა "გურია ნიუსის" ჟურნალისტები - ჟანა მეგრელიშვილი, გიორგი გირკელიძე და თამარ ლეფსვერიძე სოფლის ცენტრში, სადაც სააკაშვილი მოსახლეობას უნდა შეხვედროდა, არ შეუშვეს.
გადაადგილების პრობლემა შეექმნა, ასევე, „მეცხრე არხის“ ჟურნალისტს შორენა ღლონტს. მედიის წარმომადგენლებს აპარატურის გარეშეც კი უკრძალავდნენ შეხვედრაზე მისვლას. როგორც პოლიციელები აცხადებდნენ, ჟურნალისტების არშეშვების ბრძანება პრეზიდენტის პრესსამსახურმა გასცა. ჟურნალისტების გადაადგილებას სოფელ ბახვში გურიის სამხარეო პოლიციის უფროსი გურამ ჩანტლაძე აკონტროლებდა.
„გურია ნიუსის“ ჟურნალისტებს პრეზიდენტის შეხვედრის გაშუქების შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ მიეცათ, რაც პირადად დაუკავშირდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, ირმა ნადირაშვილს, რომელმაც ჟურნალისტები პოლიციის ბლოკ-პოსტებზე გაატარა და შეხვედრის ადგილას მიიყვანა. თუმცა, შეხვედრის გაშუქების საშუალება არ მიეცა „მეცხრე არხის“ ჟურნალისტს, რომელმაც პოლიციელთა ბარიერები ვერ გაარღვია.
ჟურნალისტებისადმი ამგვარი დამოკიდებულება სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა მხრიდან, პრაქტიკულად, ყოველდღიურად ხდება და შეუქცევად ხასიათს იღებს. კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ კატეგორიულად მოითხოვს
1. პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, უზრუნველყოს ჟურნალისტების დასწრება და მათი უსაფრთხოება პრეზიდენტის საჯარო შეხვედრებზე;
2. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, გამოავლინოს და დასაჯოს ყველა ის პოლიციელი, ვინც ჟურნალისტებს საქმიანობაში უშლის ხელს; მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ფაქტები;
3. უშიშროების საბჭოს უწყებათაშორისი კომისიისგან, შეისწავლოს ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლის ეს ფაქტები და ამჯერად მაინც ადეკვატური რეაგირება მოახდინოს მასზე“- ნათქვამია კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში