ტელეკომპანია

ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში საარჩევნო ტელედებატები "მე ვირჩევ" იწყება

დღეს, 29 ივლისს, 19:00 საათზე, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში საარჩევნო ტელედებატები "მე ვირჩევ" იწყება. ტელედებატები კოალიცია "არჩევნის თავისუფლების" და "სტუდია რეს" ერთობლივი პროექტია, რომელიც აშშ განვითარების სააგენტოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და წინასაარჩევნოდ, 2 თვის განმავლობაში ყოველკვირეულად გავა როგორც "მაესტროს", ისე რეგიონული ტელეკომპანიების ეთერში.

 ტელედებატების მიზანია, ამომრჩეველმა მიიღოს მეტი ინფორმაცია პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებთან დაკავშირებით, ამიტომაც თითოეული დებატი მიეძღვნება კონკრეტულ თემას, რომელზეც პოლიტიკურ სუბიექტს შესაძლებლობა ექნება, მკაფიოდ წარმოაჩინოს საკუთარი ხედვა საკითხზე.

 პირველი ტელედებატის თემაა საპენსიო რეფორმა. დებატებში მონაწილეობას იღებენ კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი თენგიზ შერგელაშვილი, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრი მაგდა ანიკაშვილი და საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წევრი სოსო შატბერაშვილი. სამწუხაროდ, ტელედებატებში მონაწილეობაზე მმართველმა პარტიამ - ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უარი განაცხადა.

 პირველი ტელედებატი  საღამოს 7 საათზე ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერით გადაიცემა.