ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაჭრილი, ქართველი ჯარისკაცი, ვალერი ფანცულაია გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს არ გაუვრცელებია. ამის შესახებ from.ge-სთვის ფანცულაიას ახლობლებისგან გახდა ცნობილი.
თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტს, მხოლოდ მას შემდეგ გამოეხმაურა, როცა ეს ინფორმაცია From.ge-მ გაავრცელა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ
„თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1984 წელს დაბადებული კაპრალ გივი მამუკას ძე ფანცულაიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
კაპრალი გივი მამუკას ძე ფანცულაია ავღანეთში მოწინააღმდეგის მიერ ნაღმმტყორცნი ჭურვის აფეთქების შედეგად, 2012 წლის იანვარში დაიჭრა. კაპრალ გივი მამუკას ძე ფანცულაიას ამერიკული მხარის მიერ ადგილზევე სამედიცინი დახმარება მყისიერად ჩაუტარდა. შემდეგ ის გადაყვანილი იქნა გერმანიაში, ამერიკის სამხედრო ჰოსპიტალში. კაპრალი იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში და აღენიშნებოდა ნერვული სისტემის დაზიანება.
3 მარტის შემდეგ კაპრალი გივი მამუკას ძე ფანცულაია გადმოყვანილი იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მისი სიცოცხლის გადასარჩენად კვალიფიციური ექიმები 6 თვის განმავლობაში იბრძოდნენ. ექიმების თავდადებული მცდელობის მიუხედავად სამწუხაროდ, გივი მამუკას ძე ფანცულაისა გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს დაფარავს” -,ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.