კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას საბანკო სესხის დაფარვა ერთი წლით გადაუვადდებათ, ხოლო საპროცენტო გადასახადი ჩამოეჭრებათ.
ამის შესახებ საბანკო სექტორისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კახეთის გუბერნატორთან გიორგი ღვინიაშვილთან გამართულ საგანგებო თათბირზე განაცხადეს.
მათი ცნობით, ამისათვის, მოსახლეობის სიების დაზუსტება და აღრიცხვა უკვე დაწყებულია.
"მიმდინარეობს დაზარალებული მოსახლეობის სიების დაზუსტება და ყველა კრედიტორს, ვინც სტიქიამ დააზარალა, ერთი წლით გადაუვადებთ სესხის დაფარვას, ხოლო ამ ერთი წლის პროცენტს ჩამოვაჭრით", - განაცხადა "საქართველოს ბანკის" პრეზიდენტმა ირაკლი გილაურმა.
ცნობისთვის, ამ წუთებში საბანკო სექტორის წარმომადგენლები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებიან.