იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე თანამდებობიდან არ გადამდგარა და ისნის რაიონში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს ისე მართავს.
ამ ბოლო დღეების განმავლობაში, ისნის პოლიციის ყოფილ შენობაში გიორგი ვაშაძემ პედაგოგები და სკოლის დირექტორები დაიბარა და „დამოძღვრა“.
შეხვედრაზე მყოფმა ერთ-ერთმა პედაგოგმა from.ge-ს განუცხადა, რომ 31 წლის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძეს თავი ისე ეჭირა, თითქოს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი უკვე ჯიბეში ედო.
„გიორგი ვაშაძემ იმაზე ისაუბრა, რაზეც ნაციონალები მთელი ამ ხნის განმავლობაში მუდმივად, ერთ ხმაში საუბრობენ. მოგვიყვა დასაქმებაზე, თითქოს დაუსაქმებელი ადამიანები რომ არიან ჩემი ბრალია. გვითხრა, რომ პედაგოგების ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს ყურადღება უნდა მიექცეს. მოკლედ, ყველაფერს დაგვპირდა, რის დაპირებაც შეეძლო და არშეეძლო“, - განაცხადა ერთ-ერთი სკოლის პედაგოგმა.
ისნის რაიონში მაცხოვრებლები ამბობენ, რომ გიორგი ვაშაძე შეხვედრებზე სამსახურეობრივი მანქანით დადის, რაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ითვლება.
საპარლამენტო არჩევნების თარიღი ჯერ გამოცხადებული არ არის, თუმცა მინისტრის მოადგილეს მაინც ევალება, რომ თანამდებობა დატოვოს და ისე აწარმოოს საარჩევნო კამპანია.