პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატის სანდრო ბარამიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიების მიმართ, აღსრულების პროცედურები არ დაწყებულა და შესაბამისად, მათი ქონებაც არ დაყადაღებულა.
ბარამიძის თქმით, კოალიციაში შემავალი 6 პარტიისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შედეგად, მათ წინააღმდეგ, სტანდარტული პროცედურები უნდა განხორციელებულიყო, რაც უძრავ - მოძრავი ქონების აღწერას, აუქციონზე გატანასა და იძულებით მართვას გულისხმობს.
ადვოკატის ვარაუდობს, რომ შესაძლოა ხელისუფლება მიიჩნევს, რომ პარტიების ანგარიშებისა და ქონების დაყადაღება მათთვის მომგებიანი არაა.
„ამ რეჟიმთან მიმართებაში, კანონიერებაზე არ ვსაუბრობ. საერთოდ, დაჯარიმება უკანონო იყო და უკანონო გადაწყვეტილების კანონიერად აღსრულება შეუძლებელია. სხვა საკითხია, რომ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება, მას შემდეგ შეიძლებოდა, რაც ნებაყოფლობითი აღსრულების ერთკვირიანი ვადა გავიდა. ეს ვადა დაახლოებით, ორი კვირაა გავიდა. აღსრულების პროცედურები უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ მიმართულებით არაფერი არ ხდება“, - განაცხადა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი 6 პარტიული სუბიექტი და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოქმების საფუძველზე სასამართლომ ჯამში 3 მილიონ ლარამდე დააჯარიმეს.