კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მიხეილ სააკაშვილის facebook- ის გვერდის იძულებით „დალაიქების“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. აქცია სახელწოდებით „მიშას ლაიქები“ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გაიმართა.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, სტუდენტების საზაფხულო დასაქმების პროგრამაში პოლიტიკური ნიშნის მიხედვით ასაქმებენ და მათ აიძულებენ, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდი დაალაიქონ.
“მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდით „დალაქიება“ ნიშნავს, რომ მის პოლიტიკას ეთანხმები. გვინდა შევახსენოთ ახალგაზრდებს თუ რას ჩადიოდა მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში“ - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები და ახალგაზრდებს მოუწოდებენ, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდს „დაალაიქებენ“ კარგად დაფიქრდნენ და გაიხსენონ თუ რას აკეთებდა წლების განმავლობაში ის და მისი ხელისუფლება.
აქცია ფოტოსურათებისა და პლაკატების ფონზე გაიმართა, სადაც ხელისუფლების ბოლო წლების საქმიანობა იყო ასახული.