„ქართული ოცნების“ ლიდერები რუსთავის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ლიდერები რუსთავის მოსახლეობას შეხვდა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა - კახი კალაძემ, გოგი თოფაძემ, ზვიად ძიძიგურმა და ზურაბ აზმაიფარაშვილმა რუსთავში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს, შეხვედრა „ქიმიკოსთა სახლში" შედგა, სადაც კოალიციის ლიდერებმა ადგილობრივებს სიტყვით მიმართეს და „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმები გააცნეს.

რუსთაველებს რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა მიმართა. მისი თქმით, ქართულ პოლიტიკაში გამოჩენილმა ბიძინა ივანიშვილმა თითქმის შეუძლებელი შეძლო - მან ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა ერთი კოალიციის გარშემო გააერთიანა.

„ივანიშვილის მხარდამჭერების რიცხვზე კოალიციის აქციებზე მისული ხალხის რაოდენობაც მეტყველებს. როდესაც შენთან შესახვედრად თბილისში 150-200 ათასი კაცი გამოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქის 10-ვე ოლქი მოგებულია. 27 მაისს თბილისმა ეს განაცხადა“ - აღნიშნა ძიძიგურმა.

მისივე განცხადებით, ბოლო დრომდე ივანიშვილი ქველმოქმედებას აფიშირების გარეშე ეწეოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ივანიშვილს სიკეთის კეთებას და ქველმოქმედებას არ პატიობს.
„მარტო 1 000-მდე ეკლესია ვიცი, რომელსაც ივანიშვილმა რესტავრაცია ისე ჩაუტარა, რომ ხმა არ ამოუღია. მთელ საქართველოში ყველა სკოლის გათბობა და კარ-ფანჯარა ივანიშვილის გაკეთებულია. პატრულის ყველა მანქანა მისი ნაყიდია და ბენზინსაც ის უსხამდა. დღეს პატრულის მანქანები ისე ხშირად აღარ დადიან, რადგან ბენზინის ფულიც აღარ აქვთ“ - დასძინა მან.

 ადგილობრივ მოსახლეობას კახა კალაძემაც მიმართა. მისი თქმით, ბოლო 9 წლის განმავლობაში საზოგადოებას უამრავი დაპირება მოუსმენია ჩვენი ხელისუფლებისგან, თუმცა, მათი ნახევარიც არ შესრულებულა, ამდენად მისი თქმით, შესაძლოა ხალხს დაპირებების მიმართ უნდობლობა გაუჩნდეს. კალაძემ რუსთაველებს ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული საქმეების ნდობისკენ მოუწოდა.

„ქართული ოცნება“ ხალხისთვის მიცემულ ყველა პირობას აუცილებლად შეასრულებს. ჩვენ ისეთ რამეს არ დაგპირდებით, რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია. მეც და ჩემს თანაგუნდელებს ისე გვიცხოვრია, უკან მოხედვის არ გვრცხვენია“ - განაცხადა კალაძემ.