პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, მათ პარტიის წარმომადგენელის, ზაზა სოფრომაძის დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის არ აპირებს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და ხელისუფლების დათმობას.
ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მათ კარგა ხანია აქვთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ივლისის ბოლოდან ხელისუფლება ოზოპიციური სპექტრის, პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და წარმომადგენლების მიმართ ტერორის განხორციელებას დაიწყებდა.
„ეს არც არის გასაკვირი რადგან არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. არსებული ხელისუფლება კი ყველა ძალას იხმარს იმისათვის, რომ ნამდვილ ოპოზიციურ ძალებს პრობლემები შეუქმნას და არჩევნებში მონაწილეობა ან მათთვის საკმარისი ხმების მიღების შესაძლებლობა შეუძლებელი გახადოს“, - განაცხადა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ დღევანდელი ოპერაციით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ნეობოლშევიკურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ.
ბურჯანაძე აცხადებს, რომ დაკავებული სოფრომაძის შესახებ პრაქტიკულად 7 საათის განმავლობაში არაფერი არ იყო ცნობილი, მაგრამ ბრიფინგის დაანონსებიდან 15 წუთით ადრე სოფრომაძეს საშუალება მისცეს 1 ზარი თავისი მეუღლის მობილურ ტელეფონზე განეხორციელებინა.
„მხოლოდ ამის შემდეგ გაიგეს, რომ დაკავებული არის ცოცხალი, უვნებელი და ის სამართალდამცავი ორგანოს ერთ ერთ შენობაში იმყოფება, თუმცა კონკრეტულად სად ეხლაც არ ვიცით“, - დასძინა პარტიის ლიდერმა.
ბურჯანაძე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ გუშინ ღამით სამართალდამცვავებმა სოფრომაძის ყოფილი თანამშრომლები აიყვანეს და მათ აიძულებდნენ სოფრომაძის წინააღმდეგ ჩვენება მიეცათ. პარტიის ლიდერი იმედს გამოთქვამს, რომ დაკავებულს „ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის მშენებლობას“ არ დააბრალებენ და მას უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ.
„მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ის უახლოეს წუთებში იყოს გათავისუფლებული ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ და ვაპროტესტებთ იმ ნაბიჯებს, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციური ძალებისა თუ წარმომადგენლების წინააღმდეგ დგამს“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ეს არის პირდაპირი ზეწოლის ფაქტების გამოვლინება.
მისივე განმარტებით ხელისუფლება ოპოზიციური ძალების მიმართ აღნიშნულ ზეწოლებს და ფართომაშტაბიან ბრძოლის გამოყენებას იმის გამო ახერხებს, რომ ძალიან ხშირად ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ ახერხებენ ხელისუფლებას ადექვატური, კონსტიტუციური და ცივილიზებული ხერხები დაუპისიპირონ.
„მოვუწოდებთ ყველა პარტიას, დაგმოს ხელისუფლების ეს ქმედება და ერთხელ და სამუდამოდ შევძლოთ ერთმანეთისთვის სოლიდარობის გამოხატვა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.