პოლიტიკური ექსპერტის, სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, კახი კალაძის საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება იმ ზეწოლების გაგრძელება იყო, რომელიც მის მიმართ ბოლო პერიოდის განმავლობაში ხორციელდებოდა. ამის შესახებ ცისკარიშვილმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა.
ექსპერტი მიიჩნევს, ზეწოლების პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო, რაც მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრების დროს მის მიმართ „დაქირავებული ზონდერების“ მიერ გამოხატულ აგრესიას უკავშირდება.
მისივე თქმით, კალაძისთვის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება მზაკვრული ჩანაფიქრის გაგრძელებაა, რომელიც უკვე გაიშიფრა.
„კახა კალაძეს ორი მიზეზით ვერ იტანს ჩვენი ხელისუფლება. ერთი ის, რომ ის უაღრესად პოპულარული ადამიანია და მეორე ის, რომ „ქართული ოცნების“ წევრია. საკუთარ ანტიპატიას კი გამოხატავენ ნებისმიერი, მათ შორის უკანონო ფორმებითაც. ეს ჯერ მოსახლეობასთან შეხვედრებზე დაქირავებული ზონდერების მიერ მოწყობილ პროვოკაციებში გამოიხატა, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ მას და ცდილობდნენ წყობიდან გამოეყვანათ. ეხლა კი საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებაში“, - განაცხადა მან.
ექსპერტი აცხადებს, რომ ეს ქართული ბანკების დაკნინებისკენ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია. მისი თქმით, ანგარიშების დაყადაღების შესახებ შესაბამის უწყებებს ჯერ ბანკისთვის უნდა შეეტყობინებინათ, შემდეგ კი კლიენტისთვის. თუმცა ეს ასე არ მოხდა. ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ამაზე ბანკებს არანაირი პროტესტი არ გამოუთქვამთ. ამიტომ მიიჩნევს, რომ ბანკმა ისეთივე არასანდოობა დაიმსახურა, როგორსაც ჩვენი სასამართლო იმსახურებს.
ექსპერტი აცხადებს, რომ კალაძის მიმართ ჩაფიქრებული „მზაკვრული“ ჩანაფიქრები „ჯანსაღი ფსიქიკის“ მქონე კახი კალაძეზე ნაკლებად იმოქმედებს და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები აბსოლუტურად ზედაპირული და არამოტივირებულია.
„კახა კალაძეს ეყოფა გამძლეობა, რომ ასეთი ბზიკის ნაკბენები აიტანოს. ხელისუფლება კი კიდევ ერთხელ შერცხვა მთელი მსოფლიოს წინაშე“, - აცხადებს ცისკარიშვილი და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი სამომავლოდ უარყოფითად იმოქმედებს ქართულ ფეხბურთის განვითარებაზე.
მისი თქმით, ღირსეული ფეხბურთელის მიმართ ასეთი არადაექვატური ნაბიჯებით, ხელისუფლება მხოლოდ იმას მიაღწევს, რომ სხვა არცერთ ღირსეულ ფეხბურთელს აღარ გაუჩნდება საქართველოში ჩამოსვლის სურვილი.
„აწი ელოდოს ხელისუფლება გამოჩენილ ფეხბურთელთა მონაწილეობით რაიმე სერიოზული მატჩების გამართვას საქართველოში. როცა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანს, ერთადერთ ფეხბურთელს, რომელიც ფლობს ევროპის ჩემპიონთა ლიგის თასს, აყენებ ასეთ არადადექვატურ მდგომარეობაში სირცხვილია. ამ ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ თავზე ხელაღებულ ხელისუფლებას შეუძლია და თუ კი ასე გააგრძელებს, მალე იძულებული იქნება სავარძელზეც აიღოს ხელი“, - აღნიშნა ექსპერტმა.
ცნობისთვის, კახი კალაძის საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშებს ყადაღა საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ დაადო.
ადვოკატის შალვა თადუმაძის განცხადებით, კალაძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ედება ბრალი, თუმცა, ადვოკატი განმარტავს, რომ კალაძე საქმეში, როგორც ბრალდებული არ ფიგურირებს, შესაბამისად, კანონით მისი დაკავება არ უნდა მოხდეს.
კალაძის ანგარიშებზე ყადაღის დადების გაპროტესტებას მისი ადვოკატები დღეს აპირებენ.