"რაც არ უნდა დაუჯერებლად მოეჩვენოს ვინმეს, უკვე 20 წელიწადია, რაც ჩემი დაბადებისა და ბავშვობის სოფელ ჭართალას ელექტროენერგია არ მიეწოდება“, -ამის შესახებ, facebook- ის საკუთარ გვერდზე პოეტი მიშა ღანიშაშვილი (ილტოსპირელი)აქვეყენებს და დასძენს, რომ 21–ე საუკუნემაც კი, მის მშობლიურ კუთხეს - ილტოს ხეობას დიდი ვერაფერი სიკეთე მოუტანა.
მიშა ღანიშაშვილის თქმით, დღემდე ვერავინ, ვერც ხელისუფლებამ, ვერც ოპოზიციამ, ვერც მედიამ, ილტოს ხეობისა და ჭართალისთვის ვერ მოიცალა.
„ჭართალა ფშავლებით დასახლებული ბოლო სოფელია მდინარე ილტოს ხეობაში. ახმეტის რაიონული ცენტრიდან სულ რაღაც 14–იოდე კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში 7–8 კომლიღა ცხოვრობს. მუდმივ მაცხოვრებლებად ისიც მხოლოდ მოხუცებიღა რჩებიან. აბა, თანამედროვე ახალგაზრდობას იქ რა გააჩერებს, როცა ცივილიზაციის არანაირი ნიშან–წყალი არ არის: არა გზა, არა დენი, არა ამბულატორია, არა სკოლა, არა სამუშაო, არა, არა, არა, არა არაფერი.
დღემდე ვერავინ, ვერც ხელისუფლებამ, ვერც ოპოზიციამ, ვერც მედიამ, ვერც ვინმემ ვერ მოიცალა ილტოს ხეობისა და ჭართალისთვის!
და რატომ ან როგორო? – თუ ვინმეს კითხვა გაგიჩნდებათ, გიპასუხებთ: იმიტომ, რომ ხალხი, საარჩევნო ხმა არ არის იმ რაოდენობის, რომ ვინმე სერიოზულად დაინტერესებულიყო, დანარჩენად კი ხომ ჩვენთან ყველას ყველა ფეხებზე კიდია“, - წერს მიშა ღანიშაშვილი facebook- ის საკუთარ გვერდზე.
„გული მტკივა, სული მეთუთქება ილტოს ხეობის ასეთი სავალალო მდგომარეობის შემხედვარეს, მაგრამ ჩემი ძალები მცირეა იმისთვის, რომ რაიმე სიკეთე მოვუტანო! არადა, თავისი ბუნებრივი მდგომარეობით ნამდვილი მიწიერი სამოთხეა ეს ულამაზესი და უმდიდრესი მთიანი მხარე“, - აღნიშნავს ღანიშაშვილი.
პოეტის სურვილია, როგორმე ჟურნალისტებმადე მივიდეს მისი პოსტი და ვინმე შეეხმიანოს.