სოზარ სუბარი: ჩვენ ფეხდაფეხ გავყვებით მთავრობას კახეთში

სოზარ სუბარი: ჩვენ ფეხდაფეხ გავყვებით მთავრობას კახეთში

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის  კატეგორიებად დაყოფა გაუგონარი და არასამართლიანი მიდგომაა სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო ზარალის დათვლის პროცესს სერიოზული მეთოდოლოგია სჭირდება.  

„ზარალის ზუსტი რაოდენობა დათვლილი არ არის და სახელმწიფო, სავარაუდოდ, არც აპირებს მთლიანი ზარალის დათვლას. მიდგომა არის ასეთი: დაზიანებულ სახურავებს გადავხურავთ, შიგნით თუ რამეა დაზიანებული არ ვაკეთებთ, თუ მოსავალი სრულად გაუნადგურდა 1500 ლარამდე, თუ ნაწილობრივ 900 ლარამდე, ხოლო მცირე განადგურების შემთხვევაში მოსახლეობას 500 ლარამდე გადავუხდით. ეს გაუგონარი და არასამართლიანი მიდგომაა. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ ოჯახები, რომელთაც ატმის ბაღები გაუნადგურდათ. ერთის ზარალმა, ადგილზეც რომ შეესყიდათ მისი ატამი 50 000-ს ლარს მიაღწია, ხოლო მეორეს ზარალმა, მაქსიმუმ 15 000 ლარი შეადგინა. ორივეს 1500 ლარი ეკუთვნის უმაღლეს კატეგორიაში მოხვედრის  შემთხვევაში. ან კიდევ, ვისაც ბაღში სამი ხე ედგა და სამივე გაუნადგურდა, მანაც სრულად უნდა მიიღოს კომპენსაცია, როგორც ზარალის სრულად განადგურების შემთხვევაში.  არიან კიდევ ოჯახები, რომელთაც ისე დაუზიანდათ ვენახები ან ხეხილის ბაღები, რომ რამდენიმე წელიწადი სრულ მოსავალს ვერ მიიღებენ . დათვლის პროცესი ძალიან სერიოზულია და მას სერიოზული მეთოდოლოგიაც სჭირდება. ჩვენ ფეხდაფეხ გავყვებით მთავრობას კახეთში და გავარკვევთ რამდენი ზარალი მიიღო მოსახლეობამ და რამდენად აუნაზღაურა მას სახელმწიფომ ეს ზარალი“,-აცხადებს სუბარი From.,ge-სთან საუბარში.

პირველადი მონაცემებით, კახეთის რეგიონში 38 სოფელი დაზარალდა, მოსავალი 20 ათას ოჯახს გაუნადგურდა, ხოლო 2133 სახლს სახურავი გადახდილი აქვს. არის თუ არა საკმარისი ხელისუფლების მიერ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ყველა დაზარალებული ოჯახისთვის 1500 ლარის დარიგების შემთხვევაშიც?  სოზარ სუბარის განცხადებით ეს თანხა მნიშვნელოვნად წაადგება ოჯახებს, ივანიშვილის დამატებითი 80 მილიონის შემთხვევაში კი, ოჯახებს ამ წუთისთვის მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ.

„ბიუჯეტიდან გამოყოფილი 162 მილიონში არა მარტო ზარალის ანაზღაურება, არამედ კახეთის ინფრასტრუქტურის განვითარებაც შედის. ზარალის ასანაზღაურებლად ხელისუფლებამ 50 მილიონი ლარი გამოყო და ეს მნიშვნელოვან შეღავათად წაადგება ხალხს, ხოლო თუ ამას ივანიშვილის მიერ გადარიცხულ 80 მილიონსაც დავუმატებთ, მაშინ ეს სრულად საკმარისია იმისთვის, რომ პრაქტიკულად ყველა ოჯახს აუნაზღაურდეს ამ წუთისთვის მიყენებელი ზარალი, ასანაზღაურებელი კი მხოლოდ გრძელვადიანი ზარალი შეიძლება დარჩეს“,-აღნიშნავს სოზარ სუბარი.