პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი რეგიონებში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციის ჩატარებაზე პირველი მიმართვის შედეგად უარს და შემდეგ თანხმობას, ხელისუფლების წარმომადგენლების სიბრიყვეს უწოდებს.
„აქციის ჩატარებაზე პირველი მიმართვის შემდეგ, რაღაც სრულიად აბსურდულ მიზეზებს გვეუბნებიან. ბათუმის შემთხვევაში, საერთოდ უარს გვეუბნებოდნენ, ამბობდნენ აგვისტოს განმავლობაში, ყველა მოედანი დაკავებულიაო, თუმცა მერე პოზიცია შეცვალეს. არ ვიცი რა ჩანაფიქრი აქვთ ხოლმე, ამით თუ ჰქონიათ, რომ რაღაცას ჭკვიანურს აკეთებენ ძალიან ცდებიან, ეს სიბრიყვეა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება, ბათუმში კოალიცია „ქართული ოცნების“ ღონისძიების მოლოდინს, ზურაბიშვილის განცხადებით, ამ რეგიონში მუშაობა უკვე მიმდინარეობს და დარწმუნებულია, რომ ეს აქცია ისეთივე ხალხმრავალი იქნება, როგორც კოალიციის წინამორბედი აქციები იყო.
„ბუნებრივია, ძალიან ბევრ ხალხს და სერიოზულ აქციას ველოდებით, თუმცა „ქართული ოცნების“ ხალხმრავალი და სერიოზული აქციები უკვე სიახლე აღარავისთვის აღარაა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, ბათუმის მერია თანახმაა, 5 აგვისტოს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქციის ჩასატარებლად „საოცრებათა მოედანი“ გამოიყოს.