„მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები გაჭირვებულების დამცველი და ვინც ჩადგება ჩემსა და გაჭირვებულებს შორის, უკვე ვაგებინეთ პასუხი და ეს იქნება პასუხი ყველასთვის. მე მათზე ძალიან გაბრაზებული ვარ“,-ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ცაიშელ ქალბატონ როზა წყაბელიასთან შეხვედრის შემდეგ გაააკეთა და ავადმყოფი შვილიშვილის დახმარებასაც შეჰპირდა.
გუშინ პრეზიდენტის ცაიშის მოსახლოებასთან შეხვედრის დროს ინციდენტი მოხდა. როზა წყაბელია ავადმყოფი შვილებისა და შვილიშვილის დახმარების სათხოვნელად სააკაშვილთან შეხვედრას ცდილობდა, თუმცა სოფელ ცაიშის მცხოვრებლებმა ბაკურ მალიშავამ და გია გუგუჩიამ ის პრეზიდენტამდე არ მიშვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს კადრები „ინფო9“-ისა და მე-9 არხის ჟურნალისტებმა გადაიღეს. ზუგდიდის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მოქალაქის შეურაცხყოფისთვის მალიშავა და გუგუჩია უკვე დააკავეს, ზუგდიდის სამხარეო მთავარი სამმართველოს საუბნო განყოფილების უფროსი გელა ნარუშვილი კი რომელიც მომხდარს უყურებდა და ზომები არ მიიღო, სამსახურიდან გაათავისუფლეს.