პარლამენტის წინ „მაესტროს“ მხარდამჭერი მედიასაშუალებები სატელიტურ თეფშებზე ყადაღის დადებას აპროტესტებენ

პარლამენტის წინ „მაესტროს“ მხარდამჭერი მედიასაშუალებები სატელიტურ თეფშებზე ყადაღის დადებას აპროტესტებენ

საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებები  „მაესტროს“ კუთვნილ სატელიტურ თეფშებზე ყადაღის მოხსნას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ აქცია  პარლამენტის შენობის წინ გამართეს. აქცია ტელეკომპანია „9 არხისა“ და „მაესტროს“ სტიკერებიანი თეფშების ფონზე გაიმართა.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ ერთი დამფუძნებლის, ილია კიკაბიძის განცხადებით, მათი მოთხოვნაა ყადაღა მოეხსნას  „მაესტროს“ კუთვნილ ანტენებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი თქმით, ისინი პერმანეტულ აქციებს გააგრძელებენ და სხვა ღონისძიებებსაც მიმართავენ.

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის განცხადებით კი, მისი აქციაზე მისვლის მიზანი სამართლიანობის აღდგენაა, რაც ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილ თეფშებზე ყადაღის მოხსნაში უნდა გამოიხატოს.

როგორც აქციაზე მყოფმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლმა, ქეთი დოლიძემ განაცხადა, აუცილებელია სამართლიანობამ ოქტომბრამდე ერთხელ მაინც იზეიმოს.

„ის რაც „მაესტროსთან“ დაკავშირებით ხდება, აღმაშფოთებელია. რამდენიმე დღის წინ შევხვდი დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებმაც აღშფოთება გამოხატეს, რადგან არ აქვთ საშუალება ალტერნატიული ინფორმაცია მიიღონ“, - განაცხადა დოლიძემ.

„მაესტროს“ მხარდასაჭერ აქციაზე მყოფი, შორენა შავერდაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ თეფშები  სრულიად უკანონოდ არის დაყადაღებული.

მისი თქმით, სასამართლომ და პროკურატურამ აღნიშნულთან დაკავშირებით ერთი დამაჯერებელი არგუმენტიც ვერ წარმოადგინეს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ეძლევა „მაესტროს“ საკუთარი ქსელის გაფართოების საშუალება.

„ჩვენი მოთხოვნაა ხელისუფლებამ გონიერება იქონიოს, იქონიოს იმის ნება, რომ „მაესტროს“ კუთვნილი თეფშები დაუბრუნოს“, - განაცხადა შავერდაშვილმა.

ტელეკომპანია „მაესტროს“ მხარდასაჭერ აქციაზე სოლიდარობა გამოხატა ფონდმა „ქომაგმა“. აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ -ერთი ლიდერი გოგა ხაინდრავა, პოეტი ჯანსულ ჩარკვიანი, ადვოკატები - გელა ნიკოლეიშვილი და ზაზა ხატიაშვილი, აგრეთვე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ქეთი დოლიძე,

მაესტროს მხარდასაჭერი აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა სიმბოლურად ხელი ერთ სატელიტურ თეფშს  მოაწერეს და პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნეს.